მთავარისაქართველოშეიძლება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზების საკვებად გამოყენება

შეიძლება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზების საკვებად გამოყენება

მეთევზეები მდინარე მტკვარზე თითქმის ყოველ დღე თევზაობენ.  ამბობენ, რომ მათთვის თევზაობა განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგი იჭერს და და ისევ მდინარეში აბრუნებს, ზოგისათვის კი ეს შესაძლოა იმ დღის ერთადერთი საკვები იყოს.  ერთ-ერთი მეთევზის თქმით, თევზაობა მისთვის გართობა და განტვირთვის საშუალებაა.

„სად მიგვაქვს, სახლში წავიღებთ ჰომ არ გადავყრით. შემდეგ უბანში ვიკრიბებით და ვქეიფობთ, ვთამაშობთ ნარდს და ვერთობით ესე. თევზაობა ჩემთვის არის განტვირთვა. ყველა პრობლემას მოცილებული ხარ“.

შეიძლება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზების საკვებად გამოყენება

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მდინარე მტკვარში დაჭერილი თევზით კვებას უნდა მოვერიდოთ, რადგან მდინარეში ყოველდღიურად იყრება  საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სამშენებლო მასალა.

„მე შემიძლია მარტივად ვთქვა,რომ არამხოლოდ მდინარე მტკავრში, არამედ თანამედროვე ევროპის ნებისმიერი დიდი ქალაქის, ინდუსტრიული ცენტრის წყალშემკრები აუზების ძირითადი მდინარეებიდან თევზით კვებას ერიდება ყველა. ასე რომ შემიძლია თამამად და მარტივად ვთქვა, რომ მტკვრის თევზის საკვებად გამოყენება, მით უმეტეს მტკვრის იმ ნაწილში, რომელიც დიდ ქალაქებთან ახლოს მდებარეობს, არ არის მიზანშეწონილი“,- ამბობს ველური ბუნებრის ეროვნული სააგენტოს უფროსი, რეზო ბეჟაშვილი.

 

რა სახეობის თევზი დაცურავს მდინარე მტკვარში

საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი, შოთა კვარაცხელია ამბობს, რომ მტკვარში ბევრი თევზი იყო, მაგრამ რამდენიმე სახეობა თითქმის გადაშენდა. ამის მიზეზად კი მტკვრის დაბინძურებასა და ბრაკონიერობას ასახელებს.

„ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის პრობლემაა ის ჰესები, რომლებიც აშენებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ბუნების დაცვის ნორმების დარღვევით. თითქმის არც ერთ ჰესს არ გააჩნია თევზსავალი. მაგალითად აზერბაიჯანში აშენებული ჰესები მთლიანად უკეტავენ იმ თევზებს სამიგრაციო გზას, რომლებიც უკვე ბორჯომის ხეობაში ადიოდნენ თითქმის. ზუთხი იქნებოდა ეს თუ კასპიური ორაგული, ეს თევზები პრაქტიკულად უკვე გადაშენდა და მტკვარში უკვე აღარ ამოდიან“, – გვიყვება შოთა კვარაცხელია.

იხტიოლოგის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მტკვარზე ბიოლოგიური მონიტორინგი არსებობდეს.

„ბიოლოგიური მონიტორინგი არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ დაგვანახებს სად და რომელ უბანში არის სახეზე ტოქსიკური წყალმცენარეების ოდენობის მატება და ასევე ლურჯმწვანე ბაქტერიების მასიური ყვავილობა“, – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

რას ამბობენ სპეციალისტები

იმ შემთხვევაში თუ ბიოლოგიური მონიტორინგი სერიოზულ პრობლემას გამოავლენს, აუცილებელი იქნება ამის თაობაზე მეთევზეების ინფორმირება და თევზჭერის დროებითი აკრძალვა.

მანამდე კი, თითქმის ყოველდღე, მდინარე მტკვრის ნაპირებსა და ხიდებზე, უხვად შეხვდებით ანკესებმომარჯვებულ მეთევზეებს.

ზოგ მათგანს უმართლებს და თევზიც მოდის ანკესზე. ზოგისთვის ეს გართობაა, ზოგისთვის კი თუნდაც ერთი დღის საკვების  შოვნის შესაძლებლობა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend