მთავარი საქართველო პოლიტიკური პარტიები IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ

პოლიტიკური პარტიები IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს დღეს უკვე პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან.

კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს მოსახლეობის 60% არ უჭერს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რათა მათი საჭიროებების შესახებ უკეთ გაიგონ.

 
„რაც შეეხება ამ 60%-ს, რომელიც, ვთქვათ არ ემხრობა ბოიკოტს, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ გუნდის შიგნით, ვსაუბრობდით ოპოზიციის შეხვედრებზეც, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემხრობა არა ვთქვათ იმ კამპანიას, რომელიც არის გაჩაღებული და ერთმანეთს ვეჯიბრებით რაღაცა შოუებში. ჩვენ ვიყავით მომხრე მეტი კომუნიკაციის ხალხის, „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაწყებული აქვს რეგიონებში გასვლა, უფრო მჭიდრო კოორდინაციას ვაპირებთ ადამიანებთან, რომ ის საჭიროებები, რომლებზეც ვსაუბრობთ პოლიტიკოსები და რაც უჭირს ხალხს, არ ასცდეს ერთმანეთს“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

„ის, რომ მოსახლეობას ნორმალური პოლიტიკური პროცესების სურვილი აქვს, ეს არის გასაგები და ამ შემთხვევაში ჩვენი სურვილები ემთხვევა ერთმანეთს. საკანონმდებლო პროცესებში მთავრობაზე ზედამხედველობისას ოპოზიციის ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამას იაზრებს მოსახლეობა და, უფრო მეტიც, მას ოპოზიციის მეტი ნდობა გააჩნია ამ საკითხებში, ვიდრე – ხელისუფლების. თუმცა, ამავე კვლევაშივე მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს “, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა მიუღებელია. მათივე შეფასებით, ოპოზიცია რეალობასა და საკუთარი ამომრჩევლის ნებას არის აცდენილი.

„ჩვენი ოპონენტები აცდენილები არიან რეალობას, აცდენილები არიან საკუთარი ამომრჩევლის ნებას და ეს შეიძლება, მხოლოდ ორი რამით აიხსნას. ერთი შესაძლებლობა არის, ისინი არიან უბრალოდ მიამიტურად გაკაპრიზებულები და გაჯიუტებულები საკუთარ სურვილში, რომ იყოს რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, ვფიქრობ, რომ არის უფრო დიდი ნაწილი და მძლავრი ნაწილიც, ძალის კუთხით, ჩვენს ოპონენტებში, რომლებიც ძალიან კარგადაც ხვდებიან, რომ ისინი აცდენილები არიან საქართველოს მოქალაქეების ნებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 5 აპრილს გამოაქვეყნა. კითხვაზე – რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში – კი გამოკითხულთა ყველაზე მეტმა, 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

პოლიტოლოგები კვლევის შედეგებს აფასებენ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაავლზე საუბრობენ.

„მთავარი, რაც იკითხება აი ამ კვლევიდან, ეს არის, რომ საზოგადოების უმრავლესობას სურს, რომ აი, ამ პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში და ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა პარტიამ გააგრძელონ ეს დებატები პარლამენტის შიგნით. უამრავი რაღაცის გაკეთება შეიძლება, მით უმეტეს, ამაზე იყო საუბარი შუამავლების მეშვეობით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, რომ, სამწუხაროდ, დღეს რაც არ შეინიშნება, რომ არ შეინიშნება პოლიტიკური ნება ძირითადი აქტორებისგან, განსაკუთრებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციისგანაც“, – თქვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ.

ამასობაში ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა სურს.

თუმცა, ევროპელმა დიპლომატმა უკვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროპულ მისწრაფებებს კომპრომისები სჭირდება, განსაკუთრებით კი იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები