კაიროში ეგვიპტური ცივილიზაციის ახალი ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
მუზეუმში 22 ფარაონის მუმია და სხვადასხვა არტეფაქტია გამოფენილი.
მუზეუმის კურატორის განცხადებით, ახალი სივრცე ნამდვილი ეგვიპტური აკლდამის შთაბეჭდილებას ტოვებს.
კაიროში 22 ფარაონის მუმიფიცირებული სხეულები ეგვიპტის მუზეუმიდან ეგვიპტური ცივილიზაციის ახალ ეროვნულ მუზეუმში გადაასვენეს.
ძლევამოსილ ფარაონებს შორის იყო რამზეს მეორე, რომელიც ეგვიპტეს ძველი წელთაღრიცხვით მეცამეტე საუკუნეში 67 წლი მართავდა.
„ამ ადგილს ცივილიზაციის მუზეუმი ჰქვია, რადგან ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ცივილიზაციის ცნებაზე და არა კონკრეტულ პერიოდზე. ყველა ექსპონატი ცივილიზაციის გარკვეულ ისტორიას გვიყვება“, – ამბობს ეგვიპტური ცივილიზაციის მუზეუმის კურატორი ამსაა საიდი.
მუმიების უმეტესობა უძველეს ქალაქ ლუქსორის მახლობლად 1881 წელს აღმოაჩინეს. მათ გადასატანად მუზეუმის თანამშრომლებმა აზოტით სავსე კონტეინერები გამოიყენეს.
მუმიების გადაზიდვის პროცესს სუეცის არხში მომხდარი შეფერხება დაემთხვა, რამაც ადამიანებში გააჩინა ვარაუდი, რომ მუმიები დაწყევლილები იყვნენ.
„მუმიების დარბაზი ისეა მოწყობილი, რომ დამთვალიერებელმა თავი ნამდვილ აკლდამაში იგრძნოს. მუმიების გარდა, დარბაზში გამოფენილი იქნება სხვადასხვა არტეფაქტი და კუბოები“, – ამბობს ეგვიპტური ცივილიზაციის მუზეუმის მთავარი კურატორი აჰმედ გონეიმი.
გამოფენაზე გამოტანამდე მუმიებს ლაბორტორიაში რესტავრაცია ჩაუტარეს.
ახალ მუზეუმში მკაცრადაა განსაზღვრული ტემპერატურისა და ტენიანობის მაჩვენებლები.