ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, 2030 წელს მსოფლიოში ელექტროავტომობილების რიცხვი 250 მილიონს გადააჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროავტომობილები ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე მუშაობენ, მათი დამზადებისას გარემო მაინც ზიანდება.
ელექტროავტომობილების ბატარეების დასამზადებლად ოკეანის ფსკერიდან სხვადასხვა ნივთიერების მოპოვება არის საჭირო, რის შედეგადაც ბინძურდება ეკოსისტემა.
ბუნების მსოფლიო ფონდი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ოკეანის ფსკერიდან კობალტის, ნიკელისა და მანგანუმის მოპოვება არ დაიწყონ.
აღნიშნულ ნივთიერებებს ელექტრობატარეების დასამზადებლად იყენებენ.
მათზე მოთხოვნამ ელექტროავტომობილების გაყიდვების ზრდასთან ერთად იმატა.
ოკეანის ფსკერზე არსებული წიაღისეულის მოსაპოვებლად კომპანიებს ლიცენზიების მიღება სურთ.
„ამჟამად ოკეანის ფსკერის მინერალების მოპოვება მასშტაბურად არ მიმდინარეობს, თუმცა ეს პროცესი მალე დაიწყება, რადგან ამ მინერალებისგან ელექტროავტომობილების ბატარეები მზადდება. ახლა არის ის დრო, როცა უნდა გადავწყვიტოთ, გვიღირს თუ არა ამის გაკეთება და როგორ იმოქმედებს ეს ოკეანის ეკოსისტემაზე“, – აცხადებს ოკეანოლოგი დაგლას მაკკაული.
ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებენ თუ არა საავტომობილო კომპანიები ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ოკეანის წიაღისეულზე ლიცენზიების გაცემა 2023 წელს იგეგმება.