ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ მოკლული ფერადკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას შარშან მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბრალდებული პოლიციელის დერეკ შოვინის ადვოკატის განცხადებით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მისი ჯანმრთელობის პრობლემებით იყო გამოწვეული.
სასწრაფო მანქანის ეკიპაჟის მედიკოსის განცხადებით, ჯორჯ ფლოიდი გარდაცვლილი დახვდათ. როდესაც გარდაცვლილის პულსს ზომავდა, პოლიციელი დერეკ შოვინი კვლავ მის სხეულს აწვებოდა.
პოლიციის კადრებში გამვლელების შეძახილებიც ისმის. მედიკოსის განცხადებით, სასწრაფო მანქანაში მას გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლოზე ასევე ჯორჯ ფლოიდის პარტნიორიც გამოიძახეს. მან განაცხადა, რომ ისინი ოპიატებზე იყვნენ დამოკიდებული და რომ ჯორჯ ფლოიდი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ზედმეტი დოზის მიღების გამო საავადმყოფოშიც მოხვდა.
დერეკ შოვინის ადვოკატები ცდილობდნენ, რომ ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე გაემახვილებინათ და დაემტკიცებინათ, რომ ფლოიდის სიკვდილი ჯანმრთელობის პრობლემებით იყო გამოწვეული. ამ არგუმენტმა გააღიზიანა ფლოიდის ოჯახის წევრები, რომლებმაც განცხადება გააპროტესტეს.