მთავარიევროპაბულგარეთი4 აპრილს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

4 აპრილს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

2020 წლის ზაფხულში ბულგარეთის ქუჩები დემონსტრანტებით იყო სავსე. აქციის მონაწილეები კორუფციას აპროტესტებდნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის მმართველი მემარჯვენე პარტია ლიდერობს.

შარშან ივლისში ბულგარეთის ქუჩებში მოსახლეობა კორუფციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზები გადაკეტეს და საჯარო დაწესებულებებთან კარვები გაშალეს. არჩევნების წინ აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც „შხამიანი ტრიოს“ სახელით არიან ცნობილი, მხარდაჭერა სოციალისტური პარტიის ყოფილ წევრ მაია მანოლოვას გამოუცხადეს. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან დაახლოებული პირია, ამიტომ ამ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

„მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან გავერთიანდით. ცალ-ცალკე მაფიის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით“, – აცხადებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკოლაი ჰაჯიგენოვი.

ქვეყანაში აქციები გრძელდება, თუმცა მათი მასშტაბი ბევრად შემცირდა. ქუჩაში დარჩენილი ხალხი აქციის ორგანიზატორებს ღალატში ადანაშაულებს.

„ჩვენ ქუჩაში ყოველდღე ვართ, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა რატომღაც გამოგვიცხადეს, რომ ყველაფერი დასრულდა. მე ვთხოვე ჰაჯიგენოვს, მოსულიყო დღევანდელ ღონისძიებაზე და ჩვენთვის მხარი დაეჭირა. ჩვენ მათი პოლიტიკური ამბიციები არ გვაინტერესებს“, – ამბობს აქციის მონაწილე პეტარ ნედევსკი.

თავს მოტყუებულად თვლიან დემონსტრაციებში მონაწილე სხვა ფრაქციებიც. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მშობლების ჯგუფი მთავრობის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც ხელისუფლებამ არ დაამტკიცა ის კანონმდებლობა, რომელიც მათ დახმარებას ითვალისწინებდა.

„ე.წ. „ტრიო“ ჩვენს აქციებს უკანონოდ დაეპატრონა. თავდაპირველად მოიტანეს ხმის გამაძლიერებლები და აქციებს სათავეში ჩაუდგნენ. შემდეგ შემოწირულების მიღება დაიწყეს და ბევრი ფული იშოვეს. მერე კი გამოგვიცხადეს, რომ პროტესტი დასრულდა, რაც სიმართლე არაა, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვერა ივანოვა.

გამოკითხვები საპროტესტო ტალღის დროს ფორმირებულ პარტიას ოთხიდან ექვსი პროცენტის აღებას უწინასწარმეტყველებენ, რაც პარლამენტში მოსახვედრად სავსებით საკმარისია.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend