ახალი ანიმაციური ფილმი „პანდემიკა“ მასშტაბური ვაქცინაციის იდეის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ანიმაციური ფილმის სამყაროში პანდემია სამუდამოდ გრძელდება. მისი დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მსოფლიოს მთელი მოსახლეობა აიცრება. „პანდემიკა“ მუსიკოს ბონოს მიერ დაფუძნებული სიღარიბესთან მებრძოლი ორგანიზაცია „უან ქემფეინის“ დაკვეთით დამზადდა.
ამჟამად ღარიბ ქვეყნებს ვაქცინის დოზების მხოლოდ ერთი პროცენტი გადაეცათ, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებს ვაქცინის ზედმეტი ერთი მილიარდი დოზა აქვთ.
„მთავარი საშიშროება ის არის, რომ თუ ეს ვირუსი დედამიწის რომელიმე ნაწილში იარსებებს, იგი გააგრძელებს მუტაციას და არსებული ვაქცინების მიმართ გახდება რეზისტენტული. სწორედ ამის ჩვენებას ცდილობს ეს ანიმაცია. თუ ქვეყნები ვაქცინებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაიტოვებენ, პანდემია სამუდამოდ გაგრძელდება“, – აცხადებს “უან ქემფეინის” წარმომადგენელი დეივიდ მაკნეირი.
„პანდემიკა“ ცნობილი ანიმაციური სტუდია „ტიტმაუსის“ მიერაა შექმნილი. „ტიტმაუსის“ სტუდიის მიერაა გაკეთებული ნეთფლიქსის ცნობილი ანიმაცია „ბიგ მაუთიც“.
„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით იმას, რომ სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟები არ ყოფილიყვნენ სტერეოტიპულად ნაჩვენები. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ პერსონაჟები ექსცენტრულები გავხადეთ“, – აცხადებს ანიმაციის ერთ-ერთი ანიმატორი ენდრიუ რეი.
„პანდემიკა“ მარტივ ჭეშმარიტებას ქადაგებს: შენი საცხოვრებელი ადგილი არ უნდა განსაზღვრავდეს იმას, მიიღებ თუ არა ვაქცინას.