მთავარისაქართველოკრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 28 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კომპრომისია.

„ევროკავშირი აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა.
დანიელსონის თქმით, კომპრომისი სისუსტის კი არა, სიძლიერის გამოვლინებაა.

„კომპრომისი იმის ნიშანია, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და რომ სწორედ კომპრომისი არის ევროპული გზა“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონმა დადებითად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 27 მარტს გაკეთებული განცხადება, რომელშიც კრიზისის დაძლევის გზებზე იყო საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი უშედეგო რაუნდის დასრულების შემდეგ საჭიროა რეალური რეფორმები.

საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის თქმით, მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, რომელშიც ოპოზიციის როლი უნდა განისაზღვროს.

„პარლამენტში წარდგენილი პროექტით ეს განსაზღვრული არ არის. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ცესკოს ახალი შემადგენლობითა და ცესკოს ახალი თავმჯდომარით უნდა შევხვდეთ. ეს არის რეალური რეფორმა“, – ამბობს ეკა გიგაური

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი პოლიტიკური პარტიების პოზიციების დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობს.

“საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რათა რეფორმები გატარდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

კრისტიან დანიელსონმა ასევე ონლაინკონფერენცია გამართა ევროპარლამენტარებთან. მისი თქმით, მას კონსულტაციები ჰქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა მხარესთან.

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს 29 მარტიდან განაახლებს. ის ეცდება, დაეხმაროს მხარეებს, იპოვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკურ კრიზისად აფასებენ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend