მეთორმეტე დღეა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა მოქალაქეების აქტივობა ჯერ დაბალია. ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის ჩათვლით სულ 4 344 პირია აცრილი, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე – Booking.moh.gov.ge კი, 26 მარტის მონაცემებით, საერთო ჯამში 11 273 მსურველია რეგისტრირებული. მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის შესახებ საქართველოში ჯერ არ დაწყებულა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება გადამწყვეტია. თბილისის ქუჩებში გამოკითხვისას, მოქალაქეების აზრი ვაქცინის შესახებ ასეთია:
“ეს პრეპარატები, რაც შემოსულია, ვაქცინა არ არის. ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება”;
“ხალხი შეშინებულია, მაგრამ მე მჯერა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ჩემთვისაც რომ იყოს შესაძლებელი, ახლავე ავიცრებოდი”;
“მას შემდეგ, რაც ერთი გოგო ცუდად გახდა, უკვე ეჭვი მეპარება ვაქცინაში, თორემ ისე არ ვარ წინააღმდეგი. თუკი ავიცრები, გარანტია უნდა მქონდეს, რომ არაფერს მავნებს”;
“ძალიან ბედნიერად მიდის ჩემი ცხოვრება, სრულებით არ მაინტერესებს კორონავირუსი”.
მოქალაქეების ნაწილისთვის ვაქცინა გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ნდობის მოპოვებას დიდი დრო სჭირდება. ზოგს კი საერთოდ არ აქვს ინფორმაცია იმუნიზაციის შესახებ.
“მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რისგან, როგორ და რა მეთოდით არის შექმნილი ესა თუ ის ვაქცინა. ასევე, როგორ იმოქმედებს მათ ორგანიზმზე და რა გვერდით მოვლენებს შეიძლება ელოდონ. მოქალაქეებმა სასურველია, იცოდნენ თავიანთი ანამნეზის (სამედიცინო ისტორია) შესახებ, როდესაც მივლენ ვაქცინაციის ცენტრში და დაელაპარაკებიან ექიმს. კითხვარის შევსებისას უნდა მიუთითონ, ჰქონდათ თუ არა ალერგია წარსულში, რაიმე დაავადება ხომ არ აქვთ ისეთი, რაც მნიშვნელოვანია და და ვაქცინის გაკეთების შედეგ რა სახის ყურადღებას საჭიროებს” – განმარტავს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ვაქცინაციაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართვა ეფექტიანი იქნება. ჯერ არავინ იცის, რა სახის საინფორმაციო კამპანია იგეგმება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ენდოს იმუნიზაციას.
“ადამიანები ორი კუთხით ფიქრობენ – ერთი რაციონალური კუთხეა მეორე კი – ემოციური. ამიტომ, საინფორმაციო კამპანიის გაშლა ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანია. მოქალაქეებისთვის არგუმენტებით და რაციონალური პარამეტრებით უნდა მივიტანოთ ის მთავარი გზავნილები, რაც პანდემიის დასრულებას უკავშირდება. მეორეა ემოციური ხაზი, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და ამავდროულად ერთდერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ საკომუნიკაციო კამპანიას, რომელიც საზოგადოებრივ აზრს შეცვლიდა, რაც ჰქონდა მაგალითად ისრაელს და ბევრ სხვა ქვეყანას” – ამბობს საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე გურული.
ექიმები ამბობენ, რომ თუკი მოქალაქეები ვაქცინას გაიკეთებენ, ისინი კორონავირუსით ინფიცირების გამო ბოქსირებულ განყოფილებებში, მძიმე გართულებებით აღარ მოხვდებიან.
ნანუკა მეშველაშვილი