მთავარისაქართველოპოლიტიკური დიალოგი გრძელდება

პოლიტიკური დიალოგი გრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს საქართველოში ისევ ელოდებიან. ევროპელი დიპლომატის მიზანი უცვლელია და კვლავ დაპირისპირებული მხარეების – ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის განახლებაა. კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლამდე პოლიტიკური პარტიები განცხადებებს აკეთებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება.


„ხელისუფლებისთვის ცნობილია ჩვენი პოზიცია, რომ პრინციპული საკითხები არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. და ჩვენ შეიძლება ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა გზებით მივდივართ აი, ამ მიზნამდე, რასაც ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და ვადამდელი არჩევნები. თუ ქართულ ოცნებას აქვს პოლიტიკური ნება, რომ ამ საკითხებზე ისაუბროს და მივიდეს შეთანხმებამდე, მე შემიძლია, იმედი გამოვთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები შესაძლოა, მართლაც წარმატებით დასრულდეს“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

„ყველაფერი იქიდან გამომდინარე არის, თუ რას დათმობს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება. საკითხები რომ მნიშვნელოვანია, ეს ამ ხელშეკრულებაში არსებობამაც განაპირობა, ამიტომ ველოდებით მათგან ამ შემოთავაზებას, ველოდებით დანიელსონის ჩამოსვლას“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ.

დათმობებზე წასვლას არ გეგმავს ხელისუფლება. ისინი ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ოპოზიციის კაპრიზად აფასებენ. მათი თქმით, ქვეყანა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების კაპრიზებს არ უნდა მიჰყვებოდეს.

„დეტალებზე, იცით, რომ არ ვსაუბრობთ, რაც საჯაროვდება, საჯაროვდება ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების სახით. ასე გასაჯაროვდა საარჩევნო რეფორმა და ყველამ გაიგო, რა პუნქტებს ვთავაზობდით ჩვენ და ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ეს არის ძირეული რეფორმა საარჩევნო პროცედურების, ასე გაჟღერდა ასევე ბარიერის დაწევის და ფრაქციების შექმნისთვის დეპუტატთა რაოდენობის შემცირების იდეა, რომელიც ასევე ჩვენი იყო, დღეს დავაინიცირეთ ეს და სხვა ასეთ ჩვენს ინიციატივებსაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპონენტების მონაწილეობით თუ მათ გარეშე, ის კონსტრუქციული იდეები, რაც ჩვენ მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდაზე, ყველა ამ იდეას განვახორციელებთ მათთან, ან მათ გარეშე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

ამასობაში პოლიტოლოგები იმ ვერსიებზე საუბრობენ, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ პოლიტიკური პარტიები გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ.

„ამ შემთხვევაში, ალბათ, მოუწევთ ქართველ პოლიტიკოსებს რაღაც ანგარიშის გაწევა ამ მისიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც არ იყო ერთიანობა. ეს ნიშნავს, რომ ეს არის უკანასკნელი შანსი, და, რაც მთავარია, თუ მართლა არიან ისინი დაინტერესებულები, რომ შეთანხმებას მიაღწიონ და შედეგი დადონ, ეს, ალბათ, საუკეთესო შანსი იქნება ამის მისაღწევად“, – თქვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კორნელი კაკაჩიამ.

როდის ეწვევა საქართველოს კრისტიან დანიელსონი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend