მთავარი ევროპა ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხმა წყვილმა საჭმელი ჭიქა შექმნა

ჩეხმა წყვილმა საჭმელი ჭიქა შექმნა

ჩეხი წყვილის სტარტაპი პატარა ბინის სამზარეულოში დაიწყო და ახლა მათ მიერ შექმნილი  საჭმელი ჭიქები ჩეხეთში 50-ზე მეტ კაფეს აქვს მენიუში. იდეის ავტორები ამბობენ, რომ მათი ჩანაფიქრი მხოლოდ დესერტის სიყარულს არ გულისხმობს და ეკოლოგიურ პრობლემებსაც ებრძვის.

სტუდენტებს ზუზანასა და მიროსლავს მოგზაურობა უყვართ, ახალი ხალხის გაცნობა და კარგი ყავა გემრიელი დესერტით.  მათ ეს ორი სიამოვნება ერთმანეთს დაუკავშირეს და სპეციალურ საკონდიტროში შექმნეს ჭიქა რომლის დაგემოვნება ყავის დალევის შემდეგაა შესაძლებელი.

„ჭიქა ძირითადად შვრიის ქატოსგან მზადდება, ოდნავ ტკბილია და ჯანსაღი სასუსნავის გემო აქვს ”, -ამბობს იდეის ავტორი ზუზანა ზვეროვა.

პრაღაში ნიუტონის კოლეჯში ეკონომიკის საფუძვლების შესწავლის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, საკუთარი სტარტაპი დაეფუძნებინა.

“პროექტი “საჭმელი ჭიქა“ ჩვენს უნივერსიტეტში შეიქმნა, მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად რომ დავდიოდით, აღმოვაჩინეთ, რამდენ ქაღალდსა და პლასტმასს ვიყენებთ ყოველდღე. ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო ეკოლოგიურად გვეცხოვრა და შევქმენით ეს შედევრი – “დალიე და ჭამე”, – ყვება ზუზანა.

 

მათი პირველი ექსპერიმენტი, რომელიც საკვები ჭიქების წარმოებას უკავშირდებოდა, პატარა ბინის სამზარეულოში ორი წლის წინ დაიწყო. მათ ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდათ, ფქვილის, სახამებლის, გამაფხვიერებლისა და კვერცხის სწორი კომბინაცია რომ ეპოვათ. შედეგსაც მიაღწიეს და შექმნეს ჭიქა სხვადასხვა არომატით. ჭიქას შეუძლია ცხელ მდგომარეობაში შეინარჩუნოს ყავა ან ჩაი 40 წუთის განმავლობაში და 12 საათის შემდეგაც არ დაიშალოს. მეორე ეტაპი მათი პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა იყო

„პრაღის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გვირჩია, ევროკავშირის გრანტი გამოგვეყენებინა მეცნიერებისა და კვლევებისთვის, რაც დაგვეხმარა საკუთარი წარმოების ტექნოლოგიისა და ჩვენი რეცეპტის შემუშავებაში”, – ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი „- მიროსლავ მირონჩუკი

პროექტი ახლა მათი სადიპლომო თემაცაა. პირველი ჭიქები, რომლებიც მათი რეცეპტით მომზადდა, ბულგარეთში აწარმოეს, რადგან კორონავირუსმა მათი სამუშაო შეაფერხა. უკვე 50 – ზე მეტი ჩეხური კაფე იყენებს გემრიელ ეკოლოგიურ ჭიქებს და ყოველდღიურად ამ წამოწყებას მეტი ადამიანი უერთდება.

ზუზანა და მიროსლავი ახლა ცდილობენ, შექმნან ახალი ლუდის კათხა, რომელსაც ყველის ან ბეკონის გემო ექნება.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები