აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: “დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში.” სენატორებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში პოლიტიკურ დაპირისპირებას, შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას, პოლიტპატიმრების საკითხსა და საგარეო გამოწვევებს.
დისკუსიას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა, რომლის შეფასებით, ვითარება საქართველოში „კრიტიკულია.” მან პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შექმნილი კრიზისი ან ქვეყნისთვის დემოკრატიის დაბრუნებით დასრულდება ან გაანადგურებს საქართველოს მრავალწლიან ძალისხმევას.
,,საქართველომ გრძელი გზა გაიარა შედარებით მოკლე პერიოდში, რაზეც ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და შექმნისკენ მიმართული მისი სამუშაოს გზა არ იყო ყოველთვის სწორი, თუმცა ზოგადი ტრაექტორია პოზიტიური იყო. მე წილად მხვდა პატივი მემოგზაურა საქართველოში სენატორ რიშთან ერთად 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია. ეს არჩევნები იყო აღსანიშნავი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის კუთხით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ გამოცდა გაიარა, თუმცა ზოგადად ის გაძლიერდა და გაღრმავდა“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
სენატორმა, ჯორჯ კენტმა რუსულ აგრესიასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამომწვევებზე ისაუბრა.
„აფხაზეთსა და ოსეთში ტრადიციულად მცხოვრები ქართველების უმეტესობის ეთნიკური წმენდა მოხდა. ასობით ათასი ადამიანი გადაიქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. 2008 წლის ომის დროს კიდევ დამატებით 25 ათასზე მეტი ადამიანი განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან. რუსები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, ასევე, თურქეთის საზღვრის გასწვრივ დახმარებას უწევენ სომხეთსა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად გვევლინებიან. რუსი მშვიდობისმყოფელები ახლა არიან მთიან ყარაბაღში. ეს პირველად ხდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს საქართველოსთვის გამოწვევაა. დარწუნებული ვარ, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, როდესაც გაგვიზიარებს შეხედულებას და იტყვის, რომ საქართველო უძველესი დროიდან არის გარშემორტყმული სამი იმპერიის – რუსული, ოსმალეთის და სპარსეთის მიერ. ზოგჯერ სახელები იცვლება, მაგრამ დინამიკა პატარა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის რჩება. როდესაც შენს გვერდით არის ეს სახელმწიფოები – რუსეთი, თურქეთი და ირანი, ეს სამი იმპერია, რომელთა შორისაც საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მოახერხა გადარჩენა, შენ ნამდვილად გრძნობ ზეწოლას. სწორედ ამიტომ გვიყურებენ ჩვენ როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და როდესაც ასეთი საფრთხე არის შენ წინაშე, შენ არ უნდა ქმნიდე შიდა კრიზისს. საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, დაალაგოს შიდა თამაშის წესები და ფოკუსირებული იყოს რეალურ გამოწვევებზე, როგორებიც არის შეცვლილი გეოსტრატეგიული რეალობა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ემუქრება შენი ქვეყნის ეკონომიკას პოსტკოვიდის პანდემიის გარემოში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
აშშ-ს სენატორმა კარა მაგდონალდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების დიდი ნაწილი ფოკუსირებულია პლატფორმებზე დაფუძნებული პარტიების ჩამოყალიბებაზე და არა ინდივიდუალურ პირებზე დაფუძნებულ პარტიებზე.
„სწორედ ასე იქმნება კოალიციები. პარტიები უნდა თანხმდებოდნენ და ზრუნავდნენ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც მათ ამომრჩევლებს აღელვებთ. სწორედ ასე შედგება კოალიცია მრავალპარტიულ სისტემაში, რასაც ვხედავთ საქართველოში. დღეს არსებული ჩიხის დაძლევისას, ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოწოდება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმისკენ. ამ რეფორმის პროცესი ძალიან გრძელია, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ უფრო ფართო სტრუქტურულ საკითხებზე, რადგან ვშიშობ, ჩვენ ამ ჩიხს დავძლევთ და შემდეგ ეს საკითხები ისევ წამოიწევა, პროტესტი დაიწყება თავიდან და ეს ყველაფერი ისევ რუსების წისქვილზე ასხამს წყალს. ასე რომ, ეს ფართო საკითხები გადასაწყვეტია და ეუთო-ს რეკომენდაციები ამისთვის შესანიშნავი გზამკვლევია“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.
სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ჯონსონმა განაცხადა „კარგი იქნებოდა, თუ სენატი მიიღებდა რეზოლუციას, რომელშიც მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებდა“.
„სენატის რეზოლუცია პოტენციურად იქნებოდა მნიშვნელოვანი შეტყობინება, ამ რეზოლუციაში ჩვენ შეგვიძლია, მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში შეთანხმებისკენ და ამ დავის გადაჭრისკენ. ცხადია, ამ დავის გადაჭრა იოლი არი არის და ამას ჩვენც ვაღიარებთ, თუმცა ეს მათი გასაკეთებელია. არავის შეუძლია მათზე ზეწოლა. საინტერესოა, რომ ორივე პარტია ელოდება აშშ-ს, გამოვხატოთ ჩვენი ნება ერთი ან მეორე მხარის მიმართ. ეს სერბეთს და კოსოვოს შემთხვევას წააგავს. ასეთი რამ დრო და დრო გვესმის ხოლმე. სინამდვილეში, ყველაფერი თავად მათზეა დამოკიდებული. ასე რომ, სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ რეზოლუციაზე“, – აღნიშნა რონ ჯონსონმა.
რესპუბლიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებით საქართველოში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მათი ვალდებულება და გადალახონ უთანხმოება.
,,საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს. ახლა რაც ხდება, ზრდის ოლიგარქის ზეგავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც წარმოადგენს რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ მათი ვალდებულება ქვეყნის წინაშე და გადალახონ უთანხმოება“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
ავტორი: მარიამ ქობულია