საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურ ჭრილში 6.2%-ით შემცირდა. 2021 წლის პროგნოზები კი კორონაპანდემიის მართვის სტრატეგიაზეა დამოკიდებული. სტატისტიკის მდგენელი ორგანოს ინფორმაციით, გაზრდილია ინფლაციაც და მისი ზღვარი თებერვალში 3,6%-ით განისაზღვრა. წლის განმავლობაში კი შესაძლოა 4,5%-ს მიაღწიოს. ინფლაცია პირდაპირ გავლენას ახდენს სამომხმარებლო პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზე. ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობას არაეფექტურად აფასებენ და ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
„მთავრობის ეკონომიკური გუნდი არ დგამს მოცემული მდგომარეობის შესაბამის ნაბიჯებს. პოსტპანდემიურ სიტუაციაში, უნდა მოხდეს ეკონომიკის და მისი შემადგენელი დარგების გადაწყობა და მორგება არსებულ რეალობაზე. ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია. არ შეიძლება ეკონომიკის მამოძრავებელ მთავარ მიმართულებად, მხოლოდ ტურიზმი განსაზაღვრო. ამ დროს, ჩვენ უარი ვთქვით მეცნიერებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ინდუსტრიალიზაციაზე, უარს ვამბობთ ფანტასტიკურ საშუალებაზე, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობას. ამას ემატება ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს, მას კიდევ თავისი პრობლემები აქვს. საბოლოოდ, ვიღებთ უფულობას. ფული საშინლად მიუწვდომელია ფართო მასებისთვის,“ – ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი დემურ გიორხელიძე.
საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, იზრდება უმუშევრობაც და მისი ზღვარი წლის განმავლობაში 21%-ს მიაღწევს. ამ პროგნოზს საქართველოს ეროვნული ბანკი აკეთებს, რომელმაც სულ ახლახანს, რეფინანსირების განაკვეთი რვიდან რვანახევარ პროცენტამდე გაზარდა, რაც მსხვილი საბანკო პროდუქტებით მოსარგებლე მოქალაქეებს, სესხის დაფარვის ხარჯებს კიდევ უფრო უძვირებს. ამავე უწყებამ, ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსის შენარჩუნებისთვის, გასული 12 თვის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე თითქმის მილიარდი დოლარი გაყიდა. ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი, მოცემულობიდან გამომდინარე მოქმედებენ.
„ბუნებრივია, როდესაც იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, ადამიანებს უძვირდებათ სესხის მომსახურეობა. ეს ძირითადად, გრძელვადიან იპოთეკურ სესხებს ეხება. ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენება მოკლევადიან მცირე სესხებზე. ეროვნული ბანკი იძულებულია ამ ხერხს მიმართოს, რადგან სხვა შემთხვევაში ინფლაცია კიდევ უფრო გაიქცევა. თუმცა, მოქალაქეების ჯიბეზე ეს ნეგატიურად აისახება, რადგან სხვა მიმართულებით ხარჯი შეუმცირდებათ. საერთო ჯამში, ეროვნული ბანკიც და ეკონომიკური გუნდიც მეტწილად პოზიტიურად მოქმედებს, რადგან უკვე ქვეყნის ეკონომიკა გამოდის ღრმა კრიზისიდან,“ – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 53%-ით შემცირდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას უცხოური ფინანსური ინსტიტუტები პროგნოზირებენ.
საერთაშორისო მონეტარული ფონდი (IMF) წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4.3%-ით ვარაუდობს. მსოფლიო ბანკის (World Bank) პროგნოზი 4%-იანი ნიშნულით შეფასდა. Standard and Poor’s-ი (S&P) კი საქართველოში ეკონომიკურ რეცესიას ელის. თუმცა, მისივე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021–2022 წლებში აღდგება.
ნეგატიური თუ პოზიტიური პროგნოზების გამართლება ახლა კორონაპანდემიის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
ალეკო გვეტაძე