მთავარი საქართველო მსახიობი აქლემები თბილისის ზოოპარკში დაბინავდნენ

მსახიობი აქლემები თბილისის ზოოპარკში დაბინავდნენ

აქლემი მსახიობები ფილმში გადასაღებად ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. გადაღებები დამთავრდა და 5 აქლემი თბილისის ზოოპარკში დაბინავდა. აქლემები საქართველოში თავს კარგად გრძნობენ. ამის დასტური ისიც არის, რომ თბილისის ზოოპარკში მათ ოჯახს ორი პატარა კოზაკი შეემატა.

„მოსვლიდან ცოტა ხანში ერთ მდედრს გაუჩნდა პატარა აქლემი, ანუ კოზაკი. ეს ნიშნავს, რომ ის მგზავრობის დროსაც და გადაღებების დროსაც უკვე მაკედ იყო”, – ამბობს დათო თაქთაქიშვილი, თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მისი თქმით, აქლემის ორსულობა დაახლოებით 15 თვეს გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ აქლემი მაკედ იყო, გადაღებებს თავი კარგად გაართვა, შემდეგ კი უკვე თბილისის ზოოპარკში ძალიან ჯანმრთელი ნაშიერი გაუჩნდა.

„სამოთხის ქალი“ – ასე ჰქვია ბრიტანული წარმოების ფილმს, რომელიც საქართველოში გადაიღეს.  გადაღებები მიმდინარეობდა პროგრამის ფარგლებში –  “გადაიღე საქართველოში”,  პროგრამას ხელმძღვანელობს სააგენტო “აწარმოე საქართველოში”. ფილმის სცენარის მიხედვით,  ისტორიული სცენებისა და ბრძოლების გასაცოცხლებლად ერთკუზიანი აქლემები იყო საჭირო.


ამიტომ გადაღებების ადმინისტრაციის დირექტორი ლადო ჩალათაშვილი აქლემების ჩამოსაყვანად ყაზახეთში გაემგზავრა.

„მომიწია ყარაყუმის უდაბნოში ჩასვლა. ეს არის კასპიის ზღვის სანაპიროსთან. ის ადგილი, საიდანაც ეს აქლემები წამოვიყვანეთ, ზღვის დონიდან 136 მეტრზეა“, – აღნიშნავს ლადო ჩალათაშვილი.

მას ყაზახეთში ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში ძალიან დაეხმარნენ.

„არ ვიცი, კინოს უწყობდნენ ხელს, თუ პატრიოტული გრძნობები ამოძრავებდათ.  ასე შევძელით, რომ დროულად მოგვესწრო ყველაფერი“, – ამბობს  გადაღებების ადმინისტრაციის დირექტორი ლადო ჩალათაშვილი.

ერთკუზიანი აქლემი, ანუ დრომადერი, ძალიან ემოციური ცხოველია. შესაბამისად, თავიდან მოგზაურობისა და გადაღებების დატვირთული გრაფიკის გამო აქლემები დაიღალნენ და გაჭირვეულდნენ.  ამიტომ გადამღები ჯგუფი როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვეტერინარებთან ერთად მუშაობდა.

„დავუკავშირდით უცხოელ ვეტერინარებს და ვუთხარით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ… მათ გვიპასუხეს, შენ ხომ საქართველოდან ხარ, ჰოდა, წითელი ღვინო რა გაგიჭირდათ, ერთი ორას-ორასი გრამი დაალევინეთ და მორჩაო. მაშინვე მოგვარდა აქლემების პრობლემა,“  – ამბობს ლადო ჩალათაშვილი.

ფილმის დასრულებას 49 გადასაღები დღე დასჭირდა. ბრიტანელებთან ერთად, პროექტში საქართველოდან 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საბრძოლო სცენების გადაღებებში კი 8 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

წარმოების ხელმძღვანელი აკო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ფილმის საქართველოში გადაღება ბევრ შესაძლებლობას ქმნის.

„ეს ერთი მაგალითია, როდესაც ზოოპარკს საჩუქრად გადავეცით აქლემები. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ფილმს იღებ. ფილმის გადაღებით ბიძგს  აძლევ ძალიან ბევრ მიმართულებას საქართველოში, შენ ასაქმებ როგორც ტურისტულ სექტორს, ასევე მათ, ვინც, შეიძლება, ფილმთან არ იყოს დაკავშირებული. საერთოდ ქვეყნისთვისაც ძალიან კარგია, რადგან ფული მხოლოდ კინოს გადაღებისას არ იხარჯება. ეს პროცესი სხვადასხვა რესურსის გამოყენებას გულისხმობს“, – აღნიშნავს აკო მაჭავარიანი.

წარმოების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის, ტურიზმთან ერთად, საერთაშორისო კინოგადაღებებიც  საინტერესო მიმართულებაა.

კინოინდუსტირია არა მხოლოდ კინოს ქმნის, არამედ მას შეუძლია განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა, ხელოვნება, და ყველასათვის მოულოდნელად, შეუძლია ზოოპარკს ცხოველების ახალი სახეობაც კი შემატოს.


თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები