თიკო გაბუნია მარტოხელა დედაა, ეს სტატუსი ბავშვის დაბადებისთანავე მიიღო. საკუთარი სურვილით მივიდა შესაბამის უწყებაში და რეგისტრაციისას, ცარიელი დატოვა გრაფა, სადაც მამის სახელი და გვარი უნდა ჩაეწერა. ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მისი ოჯახი სიხარულით შეხვდა და მთავარ სირთულეს სულ სხვაგან წააწყდა.
„ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა უმუშევრობასთან დაკავშირებით, რომ ძალიან გამიჭირდა. დღემდე სამსახურის ძიების პროცესში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებული ვარ მაინც ძალიან რთულია. მეგობრები ნაცნობები და ჩემი ოჯახი რომ არა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. დღემდე ვერც მოვიდოდით ალბათ. ძალიან მეხმარება ყველა“, – ამბობს მარტოხელა დედა თიკო გაბუნია.
თიკოს მსგავსად ბევრს არ უმართლებს. მარტოხელა დედებს ხშირად არც არავინ ამხნევებს და ფინანსურადაც არავინ ეხმარება.
თეა ფირანიშვილიც მარტოხელა დედაა, ის წლებია ცდილობს სტატუსის მქონე დედებისთვის ისეთივე დახმარება მოიპოვოს, როგორიც მაგალითად სოციალურად დაუცველ ოჯახებს აქვთ. თეამ „მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაცია“ დააფუძნა. ამბობს, რომ ამ დედებს ყველაზე ხშირად პრობლემებს სწორედ საზოგადოება უქმნის.
„XXI საუკუნეა, მაგრამ სტიგმა კიდევ არსებობს, ხშირად დედები გარიყულნი არიან მშობლებისგან, დედებისგან, ძმებისგან, ნათესავებისგან და მეზობლებისგან, შემდეგ რატომღაც ისე ხდება, რომ დედა ბავშვთან ერთად სახლს ტოვებს და უწევს ნაქირავებში ან მეგობართან ცხოვრება, ესაა ძირითადი პრობლემა“, – ამბობს მარტოხელა დედა თეა ფირანიშვილი.
ბოლო კვლევა, რომელიც მარტოხელა მშობლების პრობლემებს ეხება, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ 2017 წლელს ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საქართველში მარტოხელა დედების უმთავრესი პრობლემებია: ოჯახთან გაწყვეტილი ურთიერთობები, საზოგადოების დამოკიდებულება, ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან გამკლავების სირთულე, სტიგმატიზაცია, სოციალური მხარდაჭერის დეფიციტი და ეკონომიკური პრობლემები. კვლევის ხელმძღვანელი სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემებთან გამკლავებაში მარტოხელა მშობლებს თითქმის არავინ ეხმარება.
„სახელმწიფოს მარტოხელა მშობლების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ აქვს. შეღავათები და სოციალური დახმარებები, რაც შეგვიძლია მაგალითის სახით მოვიყვანოთ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე არსებობს. მარტოხელა მშობლებს წლის განმავლობაში 3000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრება, გარდა საგადასახადო კოდექსში არსებული ამ შეღავათისა. მარტოხელა მშობლებს შეუძლიათ ბაღში ურიგოდ გაიარონ რეგისტრაცია“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი სალომე მეზურნიშვილი.
ევრონიუს ჯორჯიამ სოციალური მომსახურების სააგენტოს კითხვით მიმართა: „არსებობს თუ არა რაიმე სახის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის?
პასუხი ამგვარია:
„სოციალური მომსახურების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ცალკეულად რაიმე სახის დახმარება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის არ გვაქვს. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული სტატუსის მქონე პირს აქვს უფლება ისარგებლოს სააგენტოს ადმინისტრირების სფეროში შემავალი პროგრამებით და გასაცემლებით, თუ აკმაყოფილებს ამა თუ იმ პროგრამის ან გასაცემლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, როგორიც არის – სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, საყოფაცხოვრებო სუბსიდია, სოციალური პაკეტი და ა.შ“, – წერია განცხადებაში.
ასეთია მარტოხელა დედების ცხოვრების პირობები საქართველოში. მარტონი უმკლავდებიან ცხოვრებას და შვილების გაზრდას. საზოგადოება მათ ან ამტყუნებს ან უთანაგრძნობს… მათ კი მხოლოდ თანადგომა სჭირდებათ.