NATO მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს NATO-ში და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ, – ამის შესახებ NATO – ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება იმ ასპირანტი ქვეყნებისთვის, რომლებიც NATO-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
„NATO -ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ცხადად აჩვენებს, რომ ჩვენი კარი ღიაა და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა, რომელიც NATO – ში ხდება, როდესაც ალიანსის წევრები თანხმდებიან და როდესაც ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, აკმაყოფილებს სტანდარტებს. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე გზავნილი გადავეცი, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს NATO-ში და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ. ვერ ვისაუბრებ შეერთებული შტატების სახელით, მაგრამ მოუთმენლად ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის ხილვას აქ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრიალზე და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი“, – განაცხადა იენს სტოლტენგერგმა.