მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიალბანეთის დაცულ ტერიტორიას განადგურება ემუქრება

ალბანეთის დაცულ ტერიტორიას განადგურება ემუქრება

ალბანეთში ფრინველების ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ სავანეს, ნარტას ლაგუნა განადგურების საფრთხის წინაშე დგას, რადგან  აქ ახალი აეროპორტის აშენებასა და ტურიზმის განვითარებას აპირებენ.

ალბანეთი ევროპასა და აფრიკას შორის გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთ მთავარ საფრენ მარშრუტზე მდებარეობს. ახლა ნარტას ყურეში დაცულ ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებენ. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს გადასაფრენ ტრასას მოშლის. თუმცა ალბანელების დიდ ნაწილს სჯერა, რომ სანაპირო ზოლში ტურიზმის განვითარება ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. ასე ფიქრობს მეთევზე ვიქტორ მოსკაც:

„ ეს აეროპორტი ჩვენი სოფლებისთვის და ქალაქებისთვის სასიკეთო იქნება – უფრო ახლოა და აღარ მოგვიწევს ტირანას აეროპორტში სიარული. გარდა ამისა, აქედან სანაპირომდე ქუჩა გაკეთდება, სადაც უამრავი სასტუმრო აშენდება. ეს ყველაფერი დასაქმებას გაზრდის.”

მთავრობის გენგეგმის მიხედვით,  საერთაშორისო აეროპროტთან ერთად, სასტუმროების, ნავმისადგომებისა და ტურისტული  ზონების მშენებლობაც იგეგმება.

 
მეცნიერთა ნაწილი შეშფოთებულია, მათ შორის არიან ალბანეთის ორნითოლოგიური საზოგადოების წევრი ერალდ ზეკა და ადგილობრივი გარემოს დაცვის ორგანიზაციის PPNEA-ს პროექტის მენეჯერი ზიჯონ ვორფსი. ეს ადგილი ხომ ალბანეთისა და ხმელთაშუა ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი ჭაობია…

„ფრინველები ადრიატიკის ამ გადასაფრენ ზოლს მიგრაციისთვის იყენებენ. ასე რომ, თუ ის აღარ იქნება, ეს ფრინველებს დაბრკოლებას შეუქმნის,“ – განმარტავს  ერალდ ზეკა.

„ეს გეგმა ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას.  ალბანეთს ევროკავშირში შესვლა სურს და ეს გეგმები ეწინააღმდეგება ფრინველებისა და გავრცელების არეალების შესახებ დირექტივებს. ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ ძვირფას მარგალიტს,“ – ასე ფიქრობს ზიჯონ ვორფსი.

ალბანეთმა ხელი მოაწერა „აფრიკა-ევრაზიის წყლის გადამფრენი ფრინველების  დაცვის შეთანხმებას,“ რომელიც ნარტას ყურეში მობინადრე 92 სახეობას ეხება.

მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიები ტურიზმის განვითარებას ემხრობიან.

ალბანეთის ეკონომიკას ზღვისპირეთში ტურიზმის განვითარება  და ინვესტიციები სარგებელს მოუტანს. ეს ხომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და რეგიონის ეკონომიკას სასწრაფოდ სჭირდება წახალისება.

ქალაქ ვლორას მერი თავის ქალაქს „ხმელთაშუაზღვისპირეთის მომავალ დედოფალს“ უწოდებს. ფრინველების დამცველების საპასუხო არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ახალი აეროპორტის ადგილზე ადრეც იყო აეროპროტი.

დრიტან ლელი, ვლორის მერი:

„ახალი აეროპორტი ზუსტად იქ აშენდება, სადაც ჯერ კიდევ 90-იან წლებამდე სამხედრო აეროპორტი იყო. რასაკვირველია, მე, როგორც მერს, მჯერა, რომ ამ პროექტის მშენებლობა ჩემი ქალაქის ეკონომიკას წაახალისებს. ჩემი აზრით, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს.“

ზეკამ და ვორფსიმ ამ ყოფილი და მომავალი აეროპორტის ადგილი გვაჩვენეს – დაცული ტერიტორიის ულამაზესი ბუნებით გამორჩეული ეს ადგილი ყველა საერთაშორისო ეკოლოგიური ქსელის ნაწილია, სადაც ალბანეთი შედის…ამ ადგილებში 200-ზე მეტი სახეობის ფრინველი მოფრინავს…

ორნითოლოგი ერალდ ზეკა შიშობს, რომ აეროპრტი ფრინველებისთვის სფართხეს წარმოადგენს.

„ძველი აეროპორტი არ იყო ნამდვილი აეროპორტი, მას მხოლოდ სამხედრო წვრთნებისთვის იყენებდნენ, ახლა ნამდვილი აეროპორტის აშენებას აპირებენ, სადაც უამრავი თვითმფრინავი იფრენს. ჩვენ აეროპორტის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენ არ მოგვწონს, რომ მისთვის ეს ადგილი შეარჩიეს“, – განმარტავს ერლად ზეკა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ქსელისთვის. თუ ჩვენ დავუშვებთ პრეცედენტს, რომ სადაც მოგვესურვება, დაცულ ტერიტორიაზე იქ ავაშენებთ და ჩავდებთ ე.წ. „სტრატეგიულ ინვსეტიციებს“, ეს სხვაგანაც განმეორდება,“ – ამბობს ადგილობრივი გარემოს დაცვის ორგანიზაციის PPNEA-ს პროექტის მენეჯერი ზიჯონ ვორფსი.

ადგილობრივი მთავრობა რომ გადაარწმუნონ, ფრინველების დამცველებმა კეთილი ნების პროექტი წამოიწყეს: მათ, ვინც  ფრინველების ფიტულებს დეკორაციის მიზნით იყენებს, სანაცვლოდ ფრინველის ფოტოებს სთავაზობენ.

ტავერნის მფლობელ არსენ ლამბროს ახალი აეროპორტის იდეა მოსწონს, მაგრამ მისი დაცულ ტერიტორიაზე აშენება არ სურს.

არსენ ლამბრო:

„ჩემი აზრით, აეროპორტი ცოტა მოშორებით უნდა გაკეთდეს. აქ ნარტას ყურეს დააზიანებს, რომელიც ძალიან ახლოსაა და ეკოსისტემასა და იქ მობინადრე სახეობებს დიდ დარტყმას მიაყენებს. მგონია, რომ მოშორებით აჯობებს.“

ნარტას ყურე და მიმდებარე ჭაობები ისეთ დიდ ფრინველებს იზიდავს, როგორებიცაა ვარხვი, ყანჩა და ფლამინგო – შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ისინი თვითმფრინავებს შეასკდნენ.

სასტუროების მშენებლობა მთელ სანაპირო ზოლში მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ტურიზმის განვითარების სტრატეგია ჭაობებს ანადგურებს.

ერალდ ზეკა უნგრელი ორნითოლოგების ჯგუფთან ერთად მუშაობს. ალბანურ-უნგრული თანამშრომლობა, რომელიც ფრინველთა გადაფრენის მარშრუტებს იკვლევს, ექვსი წლის წინ დაიწყო. ზუსტი მონაცემების მისაღებად, ჯანმრთელ მამალ ფრინველს სპეციალურ მოწყობილობას ამაგრებენ, რომელიც  რადიოტალღებს უშვებს.

თუმცა მყარი მეცნიერული მონაცემების მიუხედავად, ალბანელი პოლიტიკოსების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარის თქმას არ აპირებენ.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, „ბიომრავალფეროვნების დაცვასთან“ დაკავშირებით მღავალი კითხვა ჩნდება ალბანეთის  „სტრატეგიული ინვესტიციების“ შესახებ არსებულ კანონმდებლობაში. არადა დაცულ ტერიტორიებზე ინვესტიციების მოზიდვა სწორედ ამ კანონმდებლობის საფუძველზე ხდება.

ევროპის ველური ბუნების დაცვის 37-მა ორგანიზაციამ ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ღია წერილი გაუგზავნა.

„ალბანეთის ზღვისპირეთი დიდი წნეხის ქვეშ არის: ისინი კურორტების აშენებასა და მასობრივი ტურიზმის განვითარებას გეგმავენ. თუ ასე გაგრძელდება, გავრცელების ყველა ადგილს დავკარგავთ. გადაფრენის დროს ფრინველები ამ ადგილებს დროებითი შესვენებისთვის იყენებენ, რომ გამოიკვებონ და მომაგრდნენ, მერე გზა განაგრძონ სხვა კონტინენტისკენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ადგილები და ეს ახლა უნდა გავაკეთოთ,“ – ამბობს ორნითოლოგი ერალდ ზეკა.

თუ  ალაბნეთის ხელსუფლება აზრს არ შეიცვლის, წყლის ფრინველები თანდათან გადაშენდებიან და ერთ მშვენიერ დღეს ზოგიერთ სახეობა მხოლოდ მუზეუმში დარჩება.

ჩერი ჩემალი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის  PPNEA პროექტის მენეჯერია. როგორც მან „ევრონიუსს“ განუმარტა, თუ დაცულ ტერიტორიაზე აეროპორტი აშენდა, ლაქებიანი სადგისნისკარტა იქ  ვეღარ გამრავლდება.

ბავშვობაში ფოტოგრაფმა არიან მავრიქმა დაჭრილი ჩიტი იპოვა. იგი პატარა ქალაქში ცხოვრობდა, სადაც ვეტერინარი არ იყო, ამიტომ ბავშვმა ჩიტი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ ექიმმა ჩიტი არ მიიღო. პატარა არიანმა მაშინ გადაწყვიტა, რომ გამოსულიყო ფოტოგრაფი, რომელიც ველურ ბუნებას გადაიღებდა. მავრიქს ფრინველების გადაღება სწორედ ნარტას ყურეში უყვარს.

„მე შევამჩნიე, რომ აქ ბევრი ფრინველია და ფოტოების გადაღება დავიწყე. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ ამ საქმიანობის გაგრძელებას, თუ აქ აეროპორტი აშენდება. იმედი მაქვს, რომ ხალხი შეძლებს, გადააფიქრებინოს მათ ეს იდეა და აქ აეროპორტს არასოდეს ააშენებენ,“ – ამბობს არიან მავრიქი.

ალბანეთს ევროკავშირის წევრობა სურს. ამიტომ ეს ქვეყანა ვალდებულია, პატივი სცეს ევროკავშირის კანონს, მათ შორის იმ დირექტივებს, რომლებიც ველური ბუნების დაცვას ითვალისწინებს.

ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend