შეიძლება თუ არა რომ, კლიმატის ცვლილების ეფექტი ხეების დარგვით შევარბილოთ? ამ კითხვაზე პასუხის საპობნელად „ევრონიუსი“ იტალიას ეწვია და აზრი იქაურ ექსპერტებს ჰკითხა.
თუმცა, იტალიის გამოცდილების განხილვამდე, კლიმატის მონიტორინგის კოპერნიკის სისტემის ბოლო მონაცემებს წარმოგიდგენთ.
გლობალურ დონეზე წლევანდელი თებერვალი, წინა ხუთ წელთან შედარებით, უფრო ცივი გამოდგა. ტემპერატურა, ძირითადად, ნულზე ოდნავ მაღალი იყო, რაც 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებლს აღემატება.
თუმცა, გასული თებერვალი ზოგადად განსაკუთრებული თვე იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ჩვეულებრივზე მეტად ციოდა.
უჩვეულოდ ციოდა ციმბირშიც, გრენლანდიაში კი დათბა. ცენტრალურ ევროპაში გასულ თვეში ტემპერატურა მკვეთრად იცვლებოდა. ამის მაგალითად გამოდგება ქალაქი გეტინგენი Göttingen გერმანიაში. 14 თებერვალს აქ რეკორდულად დაბალი ტემპერატურა – მინუს 24 გრადუსი აჩვენა თერმომეტრმა, ერთი კვირის შემდეგ კი ტემპერატურა პლუს 18 გრადუსი იყო.
იწვევს თუ არა ტემპერატურის ასეთ რყევას კლიმატის ცვლილება? ამ შეკითხვით „ევრონიუსმა“ ციურიხის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორს დანიელა დომაიზენს მიმართა. პროფესორის აზრით, ტემპერატურის მკვეთრ რყევას მხოლოდ კლიმატური ცვლილება არ იწვევს.
„ტემპერატურის რყევა მაინცდამაინც კლიმატის ცვლილებაზე არ მიუთითებს. თებერვლის დასაწყისში სიცივე ძირითადად პოლარულ გრიგალს მოჰყვა და როდესაც მისი გავლენა შესუსტდა, ისევ ნორმალურ ტემპერატურას დავუბრუნდით. უფრო ზუსტად, ნორმალურზე მეტად დათბა, აი, სწორედ ეს არის კლიმატური ცვლილების ნიშანი“, – განაცხადა დანიელა დომაიზენმა.
ევროკავშირის ინიციატივა კლიმატის შესახებ
მიმდინარე თვეში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 3 მილიარდი ხის დარგვას აპირებს. ბრიუსელის მიზანი ბიომრავალფეროვნების წახალისებაა, თუმცა მრავალ ადამიანს აინტერესებს, რამდენად შეუძლიათ ხეებს კლიმატურ ცვლილებებებზე გავლენის მოხდენა? ამ საკითხის უკეთ გასარკვევად, ევრონიუსი ჩრდილოეთ იტალიაში ჩავიდა.
ქალაქ კრემონას შემოგარენში ხეები ზამთრის ძილისგან იღვიძებენ. როგორც ტყის ზედამხედველობის საბჭოს ხელმძღვანელი დიეგო ფლორიანი ამბობს, გაზაფხულიდან შემოდგომამადე ეს ხეები ატმოსფეროდან CO2 შთანთქავენ.
„შეხედეთ ამ პატარა ფოთოლს, აქ საოცრება ხდება. ხე მზისა და ნახშირბადის წყალობით იზრდება, იგი ნახშირბადს ხედ გარდაქმნის და ასე ხდება მისი ზრდა“, – ამბობს დიეგო ფლორიანი და ახალგამოსულ კვირტებზე მიუთითებს.
ხეში დაგროვებული ნახშირბადი შედარებით ადვილი დასათვლელია. სწორედ ამას აკეთებს პარკის მენეჯერი ფაბრიციო მალაგი. ერთი ასეთი ხე დაახლოებით ერთ ტონა ნახშირბადს შეიცავს. ამოცანა გვეკითხება, რამდენი ხე უნდა დაირგოს, რომ ცეოორის CO2 გამონაბოლქვი გაიწოვოს? ფაბრიციოს გამოთვლით, სულ ცოტა ერთ სულზე 5-7 ხეა საჭირო.
„როგორც ვიცით, საშუალოდ ერთი ევროპელი წელიწადში 5-დან 7 ტონამდე ნახშირბადს გამოყოფს. შესაბამისად, თეორიულად ამ გამონაბოლქვით მიყენებული ზიანი რომ განეიტრალდეს, 5-7 ხე უნდა დაირგოს“, – ამბობს ფაბრიციო მალაგი.
ყველა ტყე ნახშირბადს ერთნაირად არ შთანთქავს. შთანთქმის მოცულობა დამოკიდებულია ხის ტიპზე, მის გარემოსა და ტყის მართვაზე. სატყეო პოლიტიკის საკითხებში პადუას უნივერსიტეტის პროფესორის მაურო მაზიეროს განმარტებით, ახალგაზრდა ნარგავები ნახშირბადს კარგად იწოვს, რადგან გარდა იმისა, რომ ტყე ნახშირბადს შთანთქავს, შთანთქმული ნახშიროჟანდი ხისგან დამზადებულ ნივთებშიც ნარჩუნდება და იზოლირებული დარჩება.
ერთი სიტყვით, თუ ტყე და ჭაობი სწორად იმართება, მათ ათწლეულების განმავლობაში შეუძლიათ ნახშირბადის დაგროვება. მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრიორიტეტები სწორად უნდა დალაგდეს: უნდა შეწყდეს ტყის განადგურება, არსებულ ტყეს უნდა მოვუფრთხილდეთ და გამონაბოლქვის შემცირების სხვა გზებიც უნდა მოიძებნოს.
„ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ ხეების დარგვაზე იმისთვის, რომ ეკოლოგიური პრობლემები გადაგვიჭრან. ინდუსტრიის გადმოსახედიდან, ჯერ გამონაბოლქვის შემცირებაზე უნდა ვიზრუნოთ, ამისთვის გამოვიყენოთ ტექნოლოგიები და გავაუმჯობესოთ წარმოების ეკოლოგიური სტანდარტები. რასაც ვერ შევამცირებთ, იმ გამონაბოლქვით მიყენებული ზიანის კომპენსირებაზეც უნდა ვიფიქროთ. მარტო ტყეს ეს ვერ იქნება ათვლის წერტილი,“ – განაცხადა იტალიის სატყეო საბჭოს დირექტორმა დიეგო ფლორიანმა.
ავტორი: ჯერემი ვილქსი