ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშის მიხედვით რუსეთი, 2016 წლისგან განსხვავებით, არ ცდილობდა, გაეტეხა სარეგისტრაციო სისტემები. თუმცა ჯო ბაიდენთან დაკავშირებით ავრცელებდა დეზინფორმაციას, რათა დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსი უფრო გაზრდილიყო.
როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, დეზინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ავრცელებდნენ.
„როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ის პირები, რომლებიც კრემლის ინტერესებით მოქმედებენ, მიზანმიმართულად მუშაობდნენ, რომ შეეცვალათ ამერიკის საზოგადოების აზრი“, – აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, დაზვერვის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2020 წელს არცერთი ქვეყნის მხრიდან არ ყოფილა კიბერთავდასხმის შემთხვევა საარჩევნო შტაბებსა და უწყებებზე, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. წინა არჩევნების დროს რუსეთმა ჰაკერების დახმარებით გატეხა დემოკრატიული პარტიის ელექტრონულ ფოსტა.
ანგარიშში ასევე აღნიშნავენ, რომ არც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოვლენის დროს დაფიქსირებულა კიბერთავდასხმა.
ანგარიში შიდა უსაფრთხოებისა და იუსტიციის გამოძიების შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა. მათი დასკვნა ერთნაირია.
დაზვერვის ცნობით, არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადა, ასევე კუბა და ვენესუელა, თუმცა მათი მასშტაბი მცირე იყო. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთის ხელისუფლებაც განიხილავდა ამ არჩევნებში ჩარევის საკითხს, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა, რადგან ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში მათ ქმედებებს უარყოფითი გამოხმაურება ექნებოდა.
თებერვლის ბოლოს ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ რამდენიმე კვირაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებდნენ. თეთრ სახლში ელოდებიან იმ სპეციალისტების დასკვნას, რომლებიც იკვლევენ, რამდენად ჩართული იყო რუსეთი ამერიკის არჩევნებში. ისინი მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუწესებენ რუსეთს სანქციებს.
ამერიკული დაზვერვის ანგარიშს ფეისბუკზე გამოეხმაურნენ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები. მათ აღნიშნეს, რომ ანგარიშში აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა.