მთავარისაქართველოკრისტიან დანიელსონის შეხვედრები

კრისტიან დანიელსონის შეხვედრები

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, საქართველოში დარჩა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწროს. პრემიერის გამგზავრებამდე მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ პრემიერი ბრიუსელში მსხვილი პაკეტით მიემგზავრებოდა, ოპოზიცია კი ხელცარიელი რჩებოდა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად ჩამოვიდა – ვიზიტს ახანგრძლივებდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მოთხოვნებს არ ცვლიან და მიაჩნიათ, რომ ამ მოთხოვნების შესრულება კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ევროპელი დიპლომატი ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მხარეები კვლავ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დეტალებზე მსჯელობდნენ.

„ყველა საკითხი, რომელიც შარლ მიშელის ექვს პუნქტში იყო შეტანილი, დღესაც განვიხილეთ, მათ შორის, შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, პოლიტპატიმრების თემა, საარჩევნო სისტემა, მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების დანაწილების გარკვეული მექანიზმები“, – თქვა „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

„ცვლილება, როცა იქნება არსებითი, ეს ცვლილება შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი – რომ შეთანხმება შედგა. შეთანხმება როდესაც შედგება, ბუნებრივია, ყველა გაიგებთ, ჯერ ეს არ მომხდარა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კრისტიან დანიელსონი, საქართველოს 12 მარტს ეწვია. ევროპელი დიპლომატის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. ვიზიტის ფარგლებში კრისტიან დანიელსონი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა. მისი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა. ევროპელი დიპლომატი საქართველოდან წასვლას იქამდე არ გეგმავს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება არ შედგება.

„პრეზიდენტ მიშელისგან კონკრეტული ამოცანა მაქვს დაკისრებული – დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტი რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც კონსტრუქციულები იყვნენ, კომპრომისის გზით სვლა გააგრძელონ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა.

როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასთან“ მორიგი შეხვედრა ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველი პარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შედეგებს ელის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდება.

„ჩვენი მთავარი სათქმელი კიდე ერთხელ არის ის, რასაც ეს დღეები ვსაუბრობდით, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქართველი ხალხი, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ჩართულები არიან და, რა თქმა უნდა, ზოგ დეტალს ფლობენ, გაიგებენ, რომ მთელ ამ პროცესში, ამ ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც ჯერ ფასილიტაცია მიდოდა, შემდეგ მედიაცია, „ქართული ოცნება“ იყო სწორედ ის, ალბათ, ერთადერთი პარტია, რომელიც იყო კონსტრუქციული მიდგომების“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. ის პრეზიდენტს  ორბელიანების სასახლეში ესტუმრა. მხარეებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend