მთავარისაქართველო2 მილიონი ლარი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის დასახმარბელად

2 მილიონი ლარი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის დასახმარბელად

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღამის კლუბების კარები დაიხურა. დაიხურა ისევე, როგორც ბევრი ადგილი მთელ მსოფლიოში.  პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩა.
ამ ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნა ასოციაცია სახელწოდებით „შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“. მათ ელექტრონული მუსიკის და საკლუბო კულტურის გადასარჩენად, საგანგებო გეგმა შეიმუშავეს და თბილისის მერიას მიმართეს. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე კი, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ დასახმარებლად ორი მილიონი ლარი გამოეყო.


„ ღამის ეკონომიკა და ელექტრონული მუსიკის სცენა ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა პანდემიის ფონზე. ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ამ სექტორთან. საერთო ჯამში ხუთასზე მეტი არტისტი და ამ სფეროს ტექნიკური პერსონალი იქნება ამ დახმარების ბენეფიციარი. ასევე, დაახლოებით 55-მდე ბიზნესობიექტი. ეს არის კლუბები, ეს არის რეკორდ-შოპები, ეს არის ბარები და ა.შ.“ ,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

ქართული ელექტრონული მუსიკის სცენა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტთა შორის. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ღამის კლუბების იგივე ხარისხით დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ეს სფერო დიდ ხარჯებთან, ძალისხმევასთან და ენთუზიაზმთან არის დაკავშირებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს დახმარება კლუბებისთვის და ამ სფეროსთვის. არა მხოლოდ ამ სფეროსთვის, არამედ ეკონომიკის სტაბილურობისთვისაც. იმიტომ, რომ თბილისის კლუბებმა და ზოგადად ამ სფერომ, ძალიან შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში. შესაბამისად, ეს დახმარება არ არის მხოლოდ ერთი სფეროს გადარჩენისთვის, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამბობს კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი, ნოდარ ბერიძე.

ამ სფეროს წარმომადგენლების თქმით, თანხის გადანაწილება ქულების მიხედვით მოხდება. ქულების მინიჭებისას გათვალისწინებული იქნება, როგორც ხელოვანთა სტაჟი და შექმნილი პროდუქცია, ასევე იურიდიული თუ პიზიკური პირების დანახარჯები.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend