მთავარიამბებიპრემიერ-მინისტრი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოში. 

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი 15 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.


16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

17 მარტს შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.  დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend