მთავარი საქართველო "შეშფოთებულები ვართ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია" - ევროპელი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში

“შეშფოთებულები ვართ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია” – ევროპელი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური ვითარებასა და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრეს. კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღება ეთმობა.


“მე აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში 10 დღის წინ გაიმართა. ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინსვლა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს. შეშფოთებული ვართ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ ვითარებას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, პოლიტიკურმა მხარეებმა არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა ამ ჩიხიდან კომპრომისის სახით იპოვონ გამოსავალი” – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ოპონენტებთან დიალოგისთვის მზად არის.

“მინდა კიდევ ერთხელ სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის, ოპოზიციასთან შეხვედრების დროს. მინდა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში. მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი შეხვდა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. განხილვის მთავარი თემა იმ ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებაა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით შეადგინეს.

„არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც, იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ქვეყანას. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ გვაქვს სრული პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მედიაციის პროცესი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ, ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი ევროკავშირისთვის, დასრულდეს წარმატებით” – განაცხადა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის““ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 2 მარტს ჩამოვიდა. ის შეხვდა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც შარლ მიშელის მონაწილეობით ოპონენტებს შორის შეხვედრაც გაიმართა. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონი ჩამოსვლა საქართველოში.

კრისტიან დანიელსონი ასევე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მხარეებმა იმ რეფორმების გატარებაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს სჭირდება დემოკრატიის გზაზე.

„მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არ არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი და წინგახედული ქმედებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის – ეს არის ინსტიტუციური რეფორმები, უფრო კონსენსუსზე ორიენტირებული სისტემის დასაფუძნებლად. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია“ – განაცხადა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.

„საუბარია, იმაზე რომ ერთი მხრივ, ამ მომენტისთვის განვმუხტოთ კრიზისი და მეორე მხრივ, ამის შემდეგ როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ასოცირების საბჭოზე მიემგზავრება, სადაც იმ რეფორმებსა და პროგრესზე უნდა ისაუბროს, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ევროპელი დიპლომატის ვიზიტიევროპელი დიპლომატის ვიზიტი