პორტუგალია
ქვეყანა მომავალი კვირიდან, მკაცრი საკარანტინო ზომების მიღებიდან 2 თვის შემდეგ, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ.
პოლონეთი
არასახარბიელო ვითარებაა პოლონეთში, სადაც ნოემბრიდან მოყოლებული ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა, ამიტომ 15 მარტიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ვარშავაში. შემთხვევების მატება ბრიტანული შტამის გავრცელებას უკავშირდება. პორტუგალიაში კი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, საკარანტინო ზომების მიღებიდან 2 თვის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებენ.
საფრანგეთი
კოვიდპაცინეტებით გადატვირთული ილ-დე-ფრანსის რეგიონიდან ასეულობით პაციენტს სხვადასხვა რეგიონსა და საავადმყოფოში გადაიყვანენ. ქვეყანაში ბოლო 3 თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა ყველაზე მაღალი რაოდენობა გამოვლინდა, ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ქვეყანაში მორიგი შეზღუდვები დაწესდება. განსაკუთრებით საგანგაშოა სიტუაცია პარიზის მიმდებარე რეგიონში. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სხვადასხვა, ნაკლებად გადატვირთულ რეგიონში გადაიყვანენ. მისი თქმით, რეგიონებს შორის ასეთი სოლიდარობა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვაქცინებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ერთი მხრივ, ევროპის წამლის სააგენტომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ადვილი შესანახია მაღალი ტემპერატურის პირობებში და მისი გამოყენება უფრო ადვილია, რადგან 1 ინექცია საკმარისია ასაცრელად. კომპანიის წამყვანი მეცნიერი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის ისინი ვაქცინის 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავენ.
დიდ ბრიტანეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, „ნოვავაქსის“ კორონავირუსის ვაქცინამ 96%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. სავარაუდოდ, ამ ვაქცინას მალე დაამტკიცებს ევროპის წამლის სააგენტო.
ამავდროულად, ვნებათაღელვა იზრდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართ, რადგან ზოგ ქვეყანაში ვაქცინის გაკეთების შემდეგ პაციენტების გარკვეული რაოდენობა გარდაიცვალა. დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში დროებით შეაჩერეს მისი გამოყენება, რომ დაადგინონ, რამდენად უკავშირდება მათი გარდაცვალება ვაქცინაციას.