მთავარიამბებიაშშ-ის საელჩო: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს

აშშ-ის საელჩო: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ტვ პირველის“  მიერ 6 მარტს გავრცელებული ჩანაწერების საკითხზე აღძრული გამოძიების პროცესს აკვირდება   და მიიჩნევს, რომ გამოძიების პრიორიტეტი უნდა იყოს კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომლებმაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ატელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე საქართველოს პერმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ესაუბრება. პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend