მთავარისაქართველოპანდემიის დროს მოსახლეობამ ოქროს შეძენა დაიწყო

პანდემიის დროს მოსახლეობამ ოქროს შეძენა დაიწყო

პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესების საწყის ეტაპზე მოსახლეობა სასურსათო მაღაზიებს მიაწყდა პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად. მოგვიანებით ხალხმა, საკვების ნაცვლად, ძვირფასი ლითონის მომარაგება დაიწყო. ოქროს დილერების თქმით, პანდემიის დროს ოქროზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა.

„ევრონიუს ჯორჯიას“ კითხვაზე, თუ რა პროდუქტები მოიმარაგა მოსახლეობამ პანდემიის დროს, პასუხი არაერთგვაროვანი იყო:

„პური, მაკარონი, ვერმიშელი, ზეთი, შაქარი, ფქვილი“.

„ნუ, რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდი და ხელსახოცები“.

„ხალხი წიწიბურას, შაქარს, მარილს, ბრინჯს ყიდულობდა. შეშინებულები რომ იყვნენ, პირველადი პროდუქტები გადაინახეს.“

პირველადი საჭიროების პროდუქტებთან ერთად მოთხოვნა ძვირფას ლითონებზეც გაიზარდა. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი თითქმის გაორმაგდა. ამის მიზეზად კი იგი ოქროზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს.

 

“კრიზისის დროს ყველამ გადაწყვიტა, რომ ოქროში ფულის ჩადება ყველაზე სტაბილური და სარგებლის მომტანია მათი მომავლისათვის. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა, ფასი და მისი ექსპორტიც”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ფსიქოლოგთა აზრით,  კრიზისულ პერიოდში, როდესაც ადამიანი საფრთხეს გრძნობს, მას პანიკური რეაქცია უვითარდება. იგი იწყებს აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას. მის ქცევაში დიდი წვლილი გენეტიკურ მეხსიერებასაც მიუძღვის. წლების განმავლობაში მოსახლეობა ნებისმიერი კრიზისის დროს სხვადასხვა პროდუქტის წინასწარ მომარაგებას იწყებდა.

„სწორედ ეს გენეტიკური მეხსიერება ამუშავდა, როდესაც პანდემიის კრიზისის წინაშე დავდექით და ადამიანებმა საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება დაიწყეს, რაც პანიკური რეაქციითა და ფსიქოლოგიური რეგრესით აიხსნება. ამ დროს ადამიანი პირველადი განვითრების დონეს უბრუნდება, მისთვის თვითგადარჩენის ინსტინქტი და უსაფრთხოების დაკმაყოფილება ხდება პრიორიტეტი“, – ამბობს ფსიქოლოგი ქეთი სილაგაძე.

მას შემდეგ, რაც პანიკის პირველმა ტალღამ გადაიარა, მოსახლეობამ, სასურსათო პროდუქტების მომარაგების ნაცვლად, ეკონომიკურ საფრთხეზე დაიწყო ფიქრი და შესაბამისად, ოქროს ყიდვა გადაწყვიტა, რათა თავი სტაბილურად და უსაფრთხოდ ეგრძნო.

„დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რა ეკონომიკური საფრთხე შეიძლებოდა დამუქრებოდა მათ და ცდილობდნენ, თავიანთი დანაზოგი უფრო უსაფრთხო ვალუტაში გადაეტანათ. ეს ბევრად უფრო რაციონალური საქციელია, ვიდრე ტომრებით ფქვილისა და შაქრის მომარაგება.“

ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ფსიქოლოგების შეფასებით, მოსახლეობის ქცევის პროგნოზირება რთულია და პანდემიის პირობებში ის კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend