მთავარი საქართველო თბილისის ფიჭვები ხმება

თბილისის ფიჭვები ხმება

თბილისში, წიწვოვანი ხეების უმეტესობა, თითქმის ასი წლის წინ შემოიტანეს.
ფიჭვი იოლად ეგუება სხვადასხვა გარემო-პირობებს. თუმცა, რადგან ეს ხე თბილისის ბუნებრივი კლიმატისთვის დამახასიათებელი არ არის, მისი სიცოცხლისუნარიანობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ბუნებრივად აღმოცენებული მცენარეების.


„ვინაიდან ეს გარემოპირობები არ არის დამახასიათებელი ფიჭვისათვის, ამ კორომების უფრო სწრაფად დაბერება მოხდა ვიდრე ვთქვათ, ეს ბუნებრივ გარემოში მოხდებოდა. გადაბერებამ, როგორვ ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, ასევე ხეების შემთხვევაშიც, გამოიწვია ამ კორომების დასუსტება, და შემდეგ, ამ დასუსტებულ კორომებში ადვილად მოიკიდა ფეხი დაავადებებმა და მავნებლებმა „ – ამბობს მეტყევე – ეკოლოგი ვასილ მეტრეველი.

გამხმარი ფიჭვები/ Copyright Euronews Georgia

მწერს, რომელიც ფიჭვს ანადგურებს, პატარა და დიდ მებაღეს უწოდებენ. იგი დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა პრობლემამ დიდი  მასშტაბები დაახლოებით 10-15 წლის მიიღო.  ფიჭვზე ცუდად მოქმედებს ასევე, კლიმატის ცვლილება. დათბობის შედეგად, ხე ვეღარ იწოვს საკმარის წყალს და ვერ იღებს შესაბამის მზის სხივებს. ამის შედეგად, იფიტება და მწერისთვის ბევრად მარტივი ხდება მერქანში შეღწევა.

„იმ ფიჭვების გადარჩენა, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ ხმობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვცადეთ ტოტების შეჭრა, გასხვლა, რომ იქნებ ხმელი ტოტების ჩამოცილებამ უშველოს, მაგრამ არ გამოიღო არანაირი შედეგი. დავიწყეთ ფართომასშტაბიანი  სისტემატური სანიტარული ჭრები, რის საფუძველზეც ქალაქის მასშტაბით მოჭრილია 50,000-მდე ზეხმელი და ხმობადი ფიჭვის ხე.“ – ამბობს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, საბა ფიფია.

სანიტარული ჭრის პარალელურად, მიმდინარეობს ე.წ. „საკომპენსაციო“ დარგვა.  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ნარგავების დივერსიფიკაცია გადაწყვიტეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება სხვადასხვა ჯიშის ხეების დარგვა – როგოც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი. იმ შემთხვევაში კი, თუ მომავალში ისევ გავრცელდა რაიმე დაავადება, აღარ იყოს საჭირო დიდი ტერიტორიების ერთობლივი მოჭრა.

გამხმარი ფიჭვები/ Copyright Euronews Georgia

„თბილისში არის უბნები, სადაც გადარჩენილია ფიჭვის კორომები. დავსახეთ სტრატეგია, რომ ეს კორომები რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა შენარჩუნდეს, სადაც ჯერ არ არის ხმობა დაწყებული. ამიტომ ძალიან აქტიურად მიმდინარობს მცენარეების სეზონური წამლობა“, – ამბობს საბა ფიფია.

თბილისში ჯერ კიდევ მრავლად გვაქვს ლამაზი ფიჭვები. სატყეო საქმის მცოდნე სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ხეების შესანარჩუნებლად მათი საგანგებო მოვლა და წამლობაა საჭირო.

კესარია ჯავახიშვილი
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები