სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა, რომელიც წელს პირველად გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალგორის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა იყო.
„რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა იმართება დღეს, რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაგროვილი საკითხების, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება ასევე ჰუმანიტარულ თემებზე და საჭიროებებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით გაუჩნდათ პანდემიის პირობებში“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.
მისი თქმით, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადმოსვლის საშუალება და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომის საშუალება მიეცემათ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სთავაზობს.
„ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხი იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმ ადამიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის თუ სხვადასხვა არხების მეშვეობით, საოკუპაციო რეჟიმთან ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.