მთავარი მსოფლიო ევროპა ვაქცინაცია ევროპაში

ვაქცინაცია ევროპაში

ბოსნიამ სერბეთისგან, ბალკანურ ერებს შორის სოლიდარობის ნიშნად, კორონავირუსის ვაქცინის 10 000 დოზა მიიღო. მხოლოდ ევროკავშირზე რომ არ იყვნენ დამოკიდებულნი, ავსტრიასა და დანიაში გადაწყვიტეს ისრაელთან ითანამშრომლონ კორონავირუსის საწინააღმდეგო შემდეგი თაობის ვაქცინების შესაქმნელად. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ვაქცინაცია ევროკავშირის მოსახლეობის მხოლოდ 7.5 პროცენტს ჩაუტარდა მაშინ, როცა ისრაელში მოსახლეობის 52 პროცენტი უკვე აიცრა.


ავსტრიის კანცლერი შიშობს, რომ კორონავირუსის ახალ შტამებთან ბრძოლა შესაძლოა კვლავ ნელი ტემპით გაგრძელდეს. სებასტიან კურცის განცხადებით, ვაქცინის კვლევას ყოველთვის სჭირდება გარკვეული დრო იმის გასარკვევად, თუ როგორ რეაგირებს ის ახალ შტამებზე. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ვაქცინის წარმოება. ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ რაც უფრო სწრაფად წარიმართება ეს პროცესი, მით უკეთ ვიქნებით სამომავლად მომზადებულნი სხვადასხვა შტამთან გასამკლავებლად, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა უკვე არსებულმა ვაქცინებმა არ იმუშაოს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ დანიისა და ავსტრიის ისრაელთან თანამშრომლობა ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის ნაწილია.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ეს სოლიდარობის გამოხატვის აქტია ბალკანურ ერებს შორის. თუმცა ბოსნიისთვის ვაქცინის მიწოდების პროცესი კოვაქს პლატფორმასთან დაკავშირებული შეფერხების ფონზე მიმდინარეობს.

თურქეთში კი კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ზოგიერთ რეგიონში სკოლები გაიხსნა. ქვეყნის 81 პროვინცია დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი რისკის კატეგორიებად დაყვეს. სკოლები  მხოლოდ დაბალი და საშუალო რისკის კატეგორიების რეგიონებში გაიხსნა. სკოლის პედაგოგები მოხარულები არიან სწავლის სკოლაში განახლებით და ამბობენ, რომ საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაბრუნებლად ყველაფერი მზად არის.

უახლესი

სხვა ამბები