მთავარისაქართველოგზა რესოციალიზაციისკენ

გზა რესოციალიზაციისკენ

საქართველოში ყოფილი პატიმრების დასაქმების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორი მათ დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს, თუმცა ყოფილ მსჯავრდებულთა უმეტესობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება წარმოადგენს.

გორში მდებარე პატარა საწარმოს მეპატრონე ყოფილი მსჯავრდებულია, ხოლო დასაქმებულები პრობაციონერები არიან.

საპატიმროს დატოვების შემდეგ გიორგიმ, საკუტარი საწარმო გახსნა, სადაც მოსაპირკეთებელ ფილებს, აგურებსა და კიბეებს ამზადებენ. რამდენიმე წლის წინ მან ორგანიზაცია “ASB საქართველოს“ დაფინანსება მოიპოვა და აგურის გამოსაწვავი დაზგა შეიძინა. ამან გიორგის საქმიანობის გაფართოების საშუალება მისცა. სამომავლოდ, ყოფილი მსჯავრდებული საწარმოს გაზრდას და უფრო დიდ შენობაში გადასვლას გეგმავს.

 
“ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შემოსავლის გარეშე დავრჩი. რამდენჯერმე ვცადე ბედი, არ გამიმართლა. მინდოდა, რომ საკუთარი ბიზნესი მქონოდა. საბოლოოდ, მე და ჩემმა მეგობარმა მოსაპირკეთებელი ფილების საამქრო გავაკეთეთ. მივედით ორგანიზაციაში, დამაფინანსეს და ლეგო-აგურის დაზგა შევიძინეთ. გრანტის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომ ყოფილი მსჯავრდებული უნდა ვყოფილიყავი, ამავდროულად დაზგაზე ასევე ყოფილი მსჯავრებულები ან პრობბაციონერები უნდა დამესაქმებინა“, – ამბობს გიორგი.

ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პრობლემა საქართველოში დიდი ხანია დგას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ყოფილი მსჯავრდებულებისათვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ვითარება მაინც მძიმეა.

ევროპის საბჭოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველო პატიმართა რაოდენობით ევროპაში მესამე ადგილზეა.  100 000 მოსახლეზე დაახლოებით 270 პატიმარი მოდის. პატიმართა მაღალი მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება. ეს სტატისტიკა კიდევ უფრო ართულებს ყოფილი პატიმრების დასაქმებას.

საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ASB საქართველოს“ პროექტების კოორდინატორის, თათია ხურცილავას განცხადებით, კომპანიები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ყოფილი პატიმრების სამსახურში მიღებაზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანი კი  იმის ჩვენებაა, რომ პრობაციონერთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და მათი წარმატებით დასაქმების შემთხვევაში განმეორებითი დანაშაულის ალბათობა მცირდება.

„სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა. გადავამზადეთ დაახლოებით 350 ადამიანი  – 150-მა ადამიანმა გაიარა პროფესიული კურსი, ხოლო 200-ზე მეტი ადამიანისათვის გავეცით ბიზნეს-გრანტი , რომელიც მოიცავდა არსებული ბიზნესის გაფართოებას ან ახალი საქმიანობის წამოწყებას. აქედან რეციდივი მხოლოდ 1-2 შემთხვევა თუ იყო. სხვა შემთხვევაში კი, კვლევებმა აჩვენა, რომ თითქმის ყველა მათგანი წარმატებულია და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია“,  – განუცხადა „ევრონიუს ჯორჯიას“ თათია ხურცილავამ.

ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყოფილ მსჯავრდებულებს სამსახურის მოძებნა უფრო უჭირთ.  ეს კი საპატიმროს დატოვების შემდეგ თავის რჩენის პრობლემის წინაშე აყენებს. ექსპერტების აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, საზოგადოებაში ყოფილ პატიმართა მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend