იოგა ინდური კულტურის ნაწილია და მას საქართველოში კარგა ხანია იცნობენ. მას შემდეგ, რაც იოგას ქართველ მიმდევრებს ინდოეთიდან ჩამოსული ინსტურქტორებიც შეუერთდნენ, იოგა ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულკი გახდა. იოგას კულუტურას საქართველოში, ინდოელი სტუდენტებიც ავრცელებენ. ასეთია, მაგალითად, მუსკან შარმა, რომელიც საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა და უკვე ორ წელიწადზე მეტია აქ ცხოვრობს.
მუსკან შარმამ გასულ ზაფხულს აღმოაჩინა, რომ საქართველოში იოგას რეგულარულად ვარჯიშობენ. ამბობს, რომ რამდენიმე ქართველმა მეგობარმა სწორედ მისი რჩევით დაიწყო იოგას ვარჯიში, და ეს ძალიან ახარებს.
„ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრი ადამიანი ვარჯიშობს იოგას საქართველოში, მათ შორის ჩემი ქართველი მეგობრებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ინდოელი ვარ, ხშირად მთხოვენ უფრო მეტი მოვუყვე მათ იოგას შესახებ. ვფიქრობ, რომ საქართველოში იოგას კულტურა თანდათანობით კიდე ვუფრო ვითარდება“, – ამბობს მუსკან შარმა.
იოგას ფედერაციის დამფუძნებელი საქართველოში გიორგი ბერძენიშვილი ამბობს, რომ ფედერაციის დაარსებიდან არაერთი ცენტრი შეიქმნა, რომელიც იოგას მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ამას გარდა ისინი ინსტრუქტორებსაც ამზადებენ. მისი თქმით, საქართველოში ესმით, რომ იოგა ჯანმრთელობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
“იოგა გვეხმარება, რომ ის ყველაფერი, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული არ გაუმწვავდეს ადამიანს ან მოიხსნას ეს პრობლემა მანამ, სანამ გადაიზრდება უფრო რთულ ფორმაში. რაც შეეხება სულიერ ელემენტს, სულიერება და მატერია იოგაში ერთი და იგივეა. ნერვული სისტემა დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან. იოგური თვალსაზრისით ფიზიკური სხეული არ არის მხოლოდ ფიზიკური რამ,“ – ამბობს გიორგი ბერძენიშვილი.
ინდოელი იოგას ინსტრუქტორი, ფებინ ვარგესე, საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა. მისი თქმით, აქ ჩამოსვლა სწორედ იოგას კულუტურის გავრცელების მიზნით გადაწყვიტა. ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, საქართველოში იოგას მოყვარულთა რიცხვი გაიზარდა.
„მაშინ, როცა იოგას ინსტრუქტორი გავხდი, გადავწყვიტე, ინდოეთში მემოგზაურა და ხახლისთვის იოგა მესწავლებინა. შემდეგ საქართველოდან მივიღე შემოთავაზება. თბილისში იოგას არც თუ ისე ბევრი ადამიანი ვარჯიშობდა. დროთა განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა. ჩემთვის იოგა გონებისა და სხეულის ერთიანობაა“, – ამბობს ფებინი.
იოგას ინსტრუქტორები ამბობენ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ფსიქოლოგიური კეთილდღეობაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, პანდემიის ამ მძიმე ჟამს. იოგა და მედიტაციის პრაქტიკა კი ასეთ დროს განსაკუთრებული დახმარებაა.
მარიამ ქუხილავა