მთავარი სპორტი ბაკურიანმა სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა

ბაკურიანმა სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა

2021 წლის მძიმე ზამთარი. პანდემია, ჩაკეტილი გზები, დახურული მთის კურორტები.

და ამ დროს,  ბაკურიანმა სათხილამურო დისციპლინის სკი-კროსის მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, 26 თებერვალს, 51-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ფინალურ ეტაპზე 32 ვაჟი და 16 მოთხილამურე ქალი გადავიდა.

მსოფლიო თასის ეტაპის ფინალური დაპირისპირებები 27 თებერვალს გაიმართა. განსაკუთრებით სანახაობრივი გამოდგა ქალთა ფინალი. საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე მყოფმა ფანი სმიტმა ფინალში ცუდი სტარტი აიღო, ბოლო, მეოთხე პოზიციაზე იმყოფებოდა და მოწინააღმდეგეებს დიდი მანძლით ჩამორჩებოდა, თუმცა შვეიცარიელმა მოთხილამურემ კონკურენტებს მაინც აჯობა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა ვაჟთა დაპირისპირება. შეჯიბრის ერთ-ერთმა ფავორიტმა, რის ჰაუდენმა ბაკურიანში გამართულ შეჯიბრში მეცხრამეტე ადგილი დაიკავა, თუმცა საერთო ჩათვლაში მას პირველი ადგილი უკვე გარანტირებული აქვს.

 

ფინალში კი ფინიშის ხაზი მხოლოდ სამმა ათლეტმა გადაკვეთა. ბრეიდი ლემანმა ფინალურ ეტაპზე წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, წაიქცა და შეჯიბრი მეოთხე ადგილით დაასრულა. ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული კი გერმანელი ფლორიან უილმსმანი გახდა.

ახალგაზრდა მოთხილამურე ბაკურანში შექმნილი პირობებით კმაყოფილია.

“დიდი სიამოვნება მივიღე. სათხილამურო ტრასა ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა. ბაკურიანი შესანიშნავი ადგილია. აქ სასიამოვნო, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ბედნიერი ვარ, რომ პანდემიის დროს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი ჩატარდა”, – ამბობს ფლორიან უილმსმანი.

ბაკურიანი პირველი კურორტია, რომელმაც სკი-კროსის შერეული გუნდების შეჯიბრს უმასპინძლა და ამით, შეიძლება ითქვას, ზამთრის სპორტის ისტორიაში შევიდა.

გამარჯვება შვეიცარიის პირველმა გუნდმა მოიპოვა, რომლის სახელითაც ფანი სმიტი და იონას ლენერი ასპარეზობდნენ.

ბაკურიანში ქალთა და შერეული შეჯიბრის გამარჯვებული, ფანი სმიტი სნოუბორდისა და სათხილამურო ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს მომზადებას, რომელიც 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება.

“საქართველოში ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ სასიამოვნო გარემოა, შესანიშნავი მთებია. მოუთმენლად ველი 2 წლის შემდეგ აქ დაბრუნებას”, – ამბობს ფანი სმიტი.

უთოვლობისა და პანდემიის მიუხედავად, ბაკურიანი სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს მომზადებული დახვდა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ძალისხმევის შედეგად, სამთო-სათხილამურო კურორტმა მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლა – გამართული ინფრანსტურქტურით, ახალი საბაგიროებითა და ახალი სათხილამურო ტრასით.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტზე შეჯიბრი მაღალ დონეზე ჩატარდა.

“როდესაც ა კლასის ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ შეჯიბრს ქვეყანა მასპინძლობს და ყველაფერი მაღალ დონეზე ტარდება, ეს უბრალოდ საამაყოა”, – განაცხადა ეკა გაბაშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის, ირაკლი ჭირაქაძის აზრით კი საქართველოს მთის კურორტებისთვის ეს ისტორიული დღეებია.

“პირველად საქართველოში ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი. წინ კიდევ რამდენიმე დატვირთული დღე გველის. დელეგატები და სპორტსმენები ძალიან კმაყოფილები არიან ტრასით, ამინდით და ორგანიზებით. ასე გავაგრძელებთ ბოლომდე”, – ამბობს ირაკლი ჭირაქაძე.

2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი სკი-კროსის მსოფლიო თასის მასპინლობით არ სრულდება ბაკურიანში. 3, 4 და 5 მარტს სამთო-სათხილამურო კურორტი სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს.

გიორგი სანაძე

 

უახლესი

სხვა ამბები