პანდემიის დროს დიდ ბრიტანეთში უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლუ მაკარიმ კი მათ საკუთარი სივრცე დაუთმო.
ტურისტებსა და მუსიკალურ ფესტივალებზე დამსწრეთათვის განკუთვნილი ძვირადღირებული კოტეჯები მან გაჭირვებული ხალხის თავშესაფრად გადააქცია. ახლა მის დასახლებაში დაახლოებით 40 უსახლკარო ცხოვრობს.
“დიდხანს ვფიქრობდი, კარგი იქნება ეს თუ არა? ბოლოს გადავწყვიტე, მაინც მეცადა. საბოლოოდ გამოვიდა და მუშაობს“, – ამბობს ლუ მაკარი.
საწყობში განთავსებულ კოტეჯებში ახლა დაახლოებით 40 უსახლკარო ცხოვრობს, რომლებმაც მას შემდეგ შეაფარეს აქაურობას თავი, რაც ბრიტანეთის მთავრობამ საერთო საცხოვრებლები საფრთხის შემცველად მიიჩნია და დახურა.
„სწრაფად უნდა მემუშავა. ეს ადგილი ვიპოვე და გადავწყვიტე, რომ რაც შეიძლება მალე შემექმნა ეს დაწესებულება. და ჩვენ დავიწყეთ. და ამ საშინელი 12 თვის განმავლობაში, რომლის გავლაც ყველას მოუწია, მიხარია, თუ ვინმეს მდგომარეობა ოდნავ მაინც შევუმსუბუქე“, – ამბობს მაკარი.
თავდაპირველად, ლუ მაკარის ფონდმა სივრცე გამოუყო უსახლკაროებს, სადაც ყველა ერთად ცხოვრობდა. თუმცა, შეზღუდვების გამო ყოფილ ფეხბურთელს გაჭირვებულთათვის სხვა ტიპის თავშესაფრის მოძებნა მოუწია.
„შესასვლელ კარზე საამაყო ნომერია – უსახლკაროებმა, ალბათ, ცხოვრებაში პირველად უმასპინძლეს ტელევიზიას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ და გლობალურ მაუწყებლობებს. მათ გააკეთეს ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებიათ. – ეს ყველაფერი ძალიან მახარებს“, – განაცხადა ლუ მაკარიმ.
თომას პრესტონი ამ ყველაფრისათვის ძალიან მადლიერია. ზამთრის სუსხიან დღეებში იგი თავს მყუდროდ და თბილად გრძნობს.
„მან არაჩვეულებრივი რამ გააკეთა, საოცარი ადამიანია ლუ მაკარი! იგი ზრუნავს ჩვენზე. ვიცი, რომ ბევრი არაფერია, მაგრამ ამ კარის მიღმა საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვეა“, – ამბობს კოტეჯში მცხოვრები თომას პრესტონი.
ლუმ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მართვიდან ქველმოქმედებაში გადაინაცვლა.პანდემიის მძიმე პერიოდში თითოეული კოტეჯი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.