2002 წელს ესპანეთში ძველი ვალუტა, პესეტა, ევროთი ჩანაცვლდა. ესპანეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, ესპანელებს სახლებში ერთ-ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პესეტა აქვთ. მათი გადაცვლის შესაძლებლობა ესპანელებს 30 ივნისამდე ექნებათ, რის შემდეგაც პესეტას ისტორია საბოლოოდ დასრულდება.
პესეტა ძველი ესპანური ვალუტაა. ესპანელებს სულ ცოტა დრო დარჩათ, რომ ის ევროებში გადაცვალონ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ძველი ვალუტის გადაცვლის ბოლო ვადამ პანდემიის გამო 30 ივნისამდე გადაიწია.
ნაჩო მარუგანი კომიქსების ბიზნესშია ჩართული. იგი მომხმარებლებს პესეტათი გადახდის საშუალებას აძლევს. შეგროვებულ თანხას კი ალცჰაიმერით დაავადებულთა დასახმარებელ ფონდში რიცხავს.
„ჩვენი კომიქსების ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მოვყვეთ ყოველდღიური ისტორიები, რომლებიც სუპერძალებს მოითხოვს. ალცჰაიმერთან ბრძოლას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. ამავდროულად, არ გვინდა, რომ პესეტა დავიწყებას მიეცეს“, – ამბობს “ვიშ კომიქსის” ხელმძღვანელი, ნაჩო მურუგანი.
ამ საგაზეთო დახლიდან ნაჩოს კომიქსები იყიდება. დახლის მეპატრონის თქმით, მომხმარებლებმა მისი იდეა მოიწონეს.
„აქ ყველა ასაკის ადამიანი მოდის, მათ შორის ჩემი თაობის ხალხი. ისინი მადრიდის ყველა წერტილიდან მოდიან, დიდ გზას გადიან, რათა პესეტა დახარჯონ.“ – ამბობს ხესუს პაინო, საგაზეთო დახლის მეპატრონე.
ესპანელები ჯამში ერთ-ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პესეტას ფლობენ. მათ შეუძლიათ, პესეტა ბანკში გადაცვალონ, ქველმოქმედებისთვის დახარჯონ ან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად გამოიყენონ.
მაგალითად, კინოს ბილეთების შეძენა პესეტას საშუალებით მარტის ბოლომდე არის ნებადართული.
„პანდემიამ მოსახლეობაში შიში გააჩინა. აუცილებელია, რომ კინოსა და თეატრებში წასვლის აღარ გვეშინოდეს, რადგან უზარმაზარი ინვესტიცია არის ჩადებული იმაში, რომ კულტურის სექტორი უსაფრთხო გახდეს.“ – ამბობს კინოთეატრის დირექტორი ანგელ მორა.
პესეტა 1868 წელს შეიქმნა, იგი ევრომ 2002 წელს ჩაანაცვლა. რამდენიმე თვეში მისი პოვნა კიდევ უფრო მეტად გაძნელდება.