მთავარიCOVID-19ჩინური და რუსული ვაქცინებით უკვე ათეულობით ქვეყანა სარგებლობს

ჩინური და რუსული ვაქცინებით უკვე ათეულობით ქვეყანა სარგებლობს

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინების გაყიდვას პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნების მისაღწევად იყენებენ. მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ უკვე დაიწყო რუსული „სპუტნიკისა“ და ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენება. კრიტიკოსთა თქმით, ევროკავშირი საკმარისად არ არის ჩართული ვაქცინების სხვა ქვეყნებისთვის განაწილებაში, რითაც ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ.

პანდემიის დაწყების დღიდან რუსეთი და ჩინეთი სამედიცინო მარაგებს საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. ვაქცინების დამზადების შედეგად მათ ახალი დიპლომატიური იარაღი გაუჩნდათ. ჩინეთმა კონტრაქტი ათეულობით სახელმწიფოსთან გააფორმა, მათ შორის თურქეთთან და ბრაზილიასთან.

 
„პირველ რიგში, მათ სურთ, რომ შელახული რეპუტაცია აიმაღლონ. მეორე მხრივ,  მათ უნდათ გაამყარონ ურთიერთობა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რომლებიც „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივაში მოიაზრებიან. გარდა ამისა, ჩინეთის მიზანია, ბაზარზე თავისი ვაქცინის წილი გაზარდოს და ამით ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.“ – განაცხადა გლობალური ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელმა იანჯონგ ჰუანგმა.

ცოტა ხნის წინ რუსების მიერ დამზადებულ ვაქცინა „სპუტნიკ მეხუთეს“ პრესტიჟულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ლანცეტმა“ მაღალი შეფასება მისცა, რაც რუსეთს პიარში ძალიან გამოადგა.

„რუსების მიზანია, რეკლამა გაუწიონ რუსულ მეცნიერებას და ქვეყანა მაღალტექნოლოგიურ საწარმოდ წარმოაჩინონ. რუსეთს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ნავთობის მწარმოებელ ქვეყანას, თუმცა მათ ძალიან კარგი მეცნიერები ჰყავთ. თუმცა, აქვე დავამატებ, რომ რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, „სპუტნიკის“ ვაქცინა დიდი რაოდენობით აწარმოოს. ეს აშკარაა, რადგან ვხედავთ, თუ როგორი ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა რუსეთში.“ – ამბობს გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენელი ჯეიკობ კირკეგარდი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთისა და ჩინეთის დიპლომატიურ ამბიციებს კონკურენცია გაუწიოს. ისმის კითხვა – უნდა ეხმარებოდეს თუ არა ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად,  უკრაინასა და სერბეთს?

„უკრაინას აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ევროკავშირის ბიუჯეტში 850 მილიონი ევროა გამოყოფილი. ჩვენ დავეხმარებით ყველა ჩვენს მეზობელს, მათ შორის დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებს.“ – აცხადებს ბულგარელი ევროპარლამენტარი ანდრეი კოვატჩევი.

თუმცა ევროკავშირს სურს, რომ ღარიბმა ქვეყნებმა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსიდან“ მიიღონ.  ევროკავშირის ნელი ნაბიჯებით კი შეიძლება რუსეთმა და ჩინეთმა ისარგებლონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend