მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს, შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს, შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, განაგრძოს შვედეთის სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შვედურმა მხარემ ეუთოს რეგიონში კონფლიქტების გადაჭრა დაისახა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავებისა და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების შესახებაც.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა  და ინციდენტების პრევენციის მნიშვნელობასა და მათზე რეაგირების ფორმატების ეფექტიან ფუნქციონირებას. ენ ლინდემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს კონფლიქტის გადაჭრასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend