მთავარი გადაცემები კუბი #ნინის გამო - თბილისში 1000 მშობლის მარში გაიმართება

#ნინის გამო – თბილისში 1000 მშობლის მარში გაიმართება

#ნინის გამო – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში  შეიქმნა საჯარო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს აქტივისტებს, მშობლებს, ქალთა უფლებადამცველებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სისტემური ცვლილებებია საჭირო.

 

ჯგუფი 3  დღის წინ შეიქმნა და მასში უკვე 2 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. კამპანიის ინიციატორების მოთხოვნები კი ასეთია:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლი გაუპატიურების შესახებ და დაზარალებულის წინააღმდეგობას განსაკუთრებული  მნიშვნელობა მიენიჭოს.

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. ფორმალური განათლების ნაწილი დაეთმოს ბავშვებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მათ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვაში დაეხმარება;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

ჯგუფის წევრები საზოგადოებას, აქტივისტებსა და ბლოგერებს სთხოვენ, ნებისმიერი ფორმით მიიღონ მონაწილეობა 100-დღიან კამპანიაში. ზოგიერთი ჯგუფი უკვე აზიარებს იმ ამბებს, რომლებიც მათ გადახდათ თავს, ზოგიერთი ფოტოსაც კი აქვეყნებს ფოტოს.

„მსხვერპლის ბრალი არ არის, დამნაშავე მოძალადეა“, – აქვეყნებს ფოტოს თეო ქავთარაშვილი და სხვებსაც მოუწოდებს, გაავრცელონ მსგავსი შინაარსის განცხადებები, მაგალითად,  „არ დავტოვოთ ბავშვები მარტო“, „ვითხოვ სქესობრივ განათლებას სკოლებში“.

ბევრი გაზიარება აქვს სტატუსს, რომელშიც მამები პროტესტს უერთდებიან და წერენ: „გოგოების მამებმა ამოვიღოთ ხმა – არა ძალადობას!“

ამ აქტივობების პარალელურად დაიგეგმა მშობლების მარში. 26 თებერვალს ვარდების მოედანზე გაიმართება აქცია, რომელზეც უფლებადამცველების მოთხოვნებს გააჟღერებენ. ცალკე შეიქმნა ჯგუფი რეგიონებისთვისაც. ეს ჯგუფი სხვადასხვა ქალაქში მარშის მოწყობას გაუწევს ორგანიზებას.

14 წლის გოგოს საქმეზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend