მთავარიევროპაესპანეთი15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა

15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა

15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა. ესპანეთში, ასტურიის პროვინციაში, შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ბავშვებში სიმსივნის მკურნალობის კურსის სწორ მართვას ისახავს მიზნად. აპლიკაცია სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახებს ეხმარება,  მიიღონ მეტი ინფორმაცია დაავადების შესახებ და დეტალურად დაგეგმონ მკურნალობა – საჭირო პროცედურები თუ დასვენების რეჟიმი. აპლიკაციის შემქმნელი პაულა როდრიგესი იმედოვნებს, რომ მალე მისი პროგრამა კიდევ უფრო მეტ ოჯახს  დაეხმარება რთული დაავადების მართვაში.

როდესაც ბავშვს სიმსივნე უდასტურდება, ეს ოჯახისთვის დიდი დარტყმაა. მათი ცხოვრების წესი მთლიანად იცვლება და მისი მართვაც ძალიან რთული ხდება.

„როდესაც თქვენს შვილს სიმსივნე უდასტურდება, ბევრი ემოცია გროვდება. მათ შორის შიში, გაურკვევლობა, რისხვა, გაუგებრობა. ჩვენ უამრავ ინფორმაციას ვიღებთ დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის, ოპერაციების შესახებ, რამდენად შეიძლება მისი სხვა საავადმყოფოებში გადაყვანა და ა.შ.”, – ამბობს აპლიკაციის შემქმნელი პაულა როდრიგესი.

 
ესპანეთის ჩრდილოეთით, ასტურიაში, გალბანის ასოციაციის დახმარებით, პაულამ შეძლო ბავშვის ავადმყოფობას სათანადოდ დაჰკვირვებოდა და შეესწავლა.

სწორედ აქ შეიქმნა პაულას ახალი მობილური პროგრამა “ვიცხოვროთ ბავშვის კიბოსთან ერთად“, რომელიც ოჯახებს მთელი პროცესის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას და დახმარებას უწევს.

“პედიატრ მართა ევას, რომელიც კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, გაუჩნდა იდეა, რომ ყველა მონაცემი ერთ აპლიკაციაში განეთავსებინა. ამ პროგრამაში არის მენიუ, რომელიც მოიცავს 5 განყოფილებას. დღის წესრიგის განყოფილებაში კონსულტაციები ან ჩასატარებელი ტესტების სიაა გამოტანილი. მეორე ავადმყოფის მდგომარეობას  აღწერს.  ამ განყოფილების საშუალებით ოჯახს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბავშვის  განწყობის, კვების, სოციალური ურთიერთობების, თამაშის, ბავშვის ტკივილის დონის შესახებ, ასევე შეუძლია, ნახოს, რას აკეთებს ბავშვი მოცემულ მომენტში. ამ ყოველდღიური გამოკითხვებით, აპლიკაცია გვთავაზობს გრაფიკებს, რომელთა საშუალებით ოჯახი აკვირდება განვითარების ფაზებს”,- ამბობს პაულა როდრიგესი

მკურნალობის გარდა,  ეს ესპანური აპლიკაცია ემოციურ დახმარებას უწევს ოჯახებს მთელი პროცესის განმავლობაში და ხელს უწყობს ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

„ამ პროცესში ჩართული მშობლები სახლის გარეთ ქმნიან ოჯახებს, ეს საავადმყოფოს ოჯახია. გარდა უმძიმესი ნაწილისა, რომელიც საავადმყოფოში ჩასატარებელ პროცედურებს მოიცავს, აპლიკაციაში  დასვენების პროგრამაც არის განსაზღვრული, რაც ასევე მნიშვნელოვანია კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის“, – აღნიშნავს პროგრამის შემქმნელი.

ესპანეთში ყოველწლიურად 1500 ბავშვს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს, მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის მაჩვენებელი 80% -ია, თითოეული შემთხვევა და პაციენტი განსხვავებულია, ამიტომ ის იშვიათ დაავადებად ითვლება, რომლის გამოკვლევაც რთულია.

„COVID-19-ის პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კიბოთი დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მოვლის საკითხი. უმძიმეს თვეებში სამედიცინო მომსახურება შეზღუდული ან ძალიან გართულებულია,  დაფინანსებაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩვენ თანხას გარკვეული ღონისძიებების საშუალებით ვიღებდით. ახლა კი ყველაფრის გაკეთებას ვირტუალურ სივრცეში ვცდილობთ“, –  ამბობს პაულა როდრიგესი

ბავშვების სიმსივნის დღეს პაულა დიაგნოზის დროულად დასმის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მის ინიციატივას ასტურიაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მას იმედი აქვს, რომ აპლიკაცია ყველა ოჯახს დაეხმარება და ისინი მის გამოყენებას უფასოდ შეძლებენ.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend