მთავარი საქართველო ადრეული ქორწინების მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში გოგონები ხდებიან

ადრეული ქორწინების მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში გოგონები ხდებიან

უფლებადამცველების შეფასებით, ადრეული ქორწინება საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევაა. ბავშვობის ასაკში ქორწინებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, ხშირად არასრულწლოვნები საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებული არ არიან და არ იციან, რომ 18 წლამდე ქორწინებას კანონი კრძალავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ არასრულწლოვნების ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაული წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა უფლებადამცველების აზრით, ასეთი ტიპის დანაშაული სხვადასხვა გარემოების გამო ხშირად სამართალდამცველების ყურადღების მიღმაც რჩება.

17 წლის წინ, სკოლისკენ მიმავალ ხათო ბეკოშვილს შეყვარებულმა პაემანი დაუთქვა. დაქორწინების გადაწყვეტილებაც ამ დროს მიიღეს, გაკვეთილების დაწყებამდე. მაშინ 17 წლის იყო და ფიქრობდა, რომ თავისუფლებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.


“დღეს რომ იმავე გადაწყვეტილების მიღება მჭირდებოდეს, ამ საკითხს ბევრად გააზრებულად და დალაგებულად გადავწყვეტდი. ის კი ბავშვური ასაკი იყო. მაშინ იყო ბევრი ოცნება, ყველაფერი ვარდისფერი… მაგ დროს არ ვფიქრობდი და არ ვიაზრებდი, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ასეთ ასაკში ქორწინება დიდი სისულელეა, დღევანდელ რეალობაში მით უფრო. ახალგაზრდებს შეუძლიათ ძალიან ბევრი რამის კეთება, განვითარება, სწავლა. ამ ასაკში ბევრი საინტერესო რამ უნდა აკეთო ადამიანმა, ქორწინებას კი ყოველთვის მოასწრებ” – ამბობს ხათო ბეკოშვილი, რომელმაც 17 წლის ასაკში იქორწინა.

ბავშვობის ასაკში ქორწინებას ბევრი მიზეზი აქვს – სახალხო დამცველის აპარატში არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის არაერთი შემთხვევა შეისწავლეს.

“ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში გოგონები ხდებიან, რაც მიუთითებს ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე. თუმცა წამახალისებელი არის სხვა გარემოებებიც, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს ფაქტორებია – სიღარიბე, ინფორმაციაზე წვდომის არარსებობა, განათლებისა და სამომავლო პერსპექტივების ნაკლებობა, რაც ასეთი შემთხვევების ზრდას განაპირობებს ქვეყანაში” – განმარტავს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის 95 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის 48 ფაქტი გამოავლინეს. დადგინდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის 34 შემთხვევა, ხოლო ქორწინების იძულების 15 ფაქტი. შსს-ში ამბობენ, რომ ასეთი ტიპის დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის ბევრი მექანიზმი არსებობს.

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ან კრიმინალური პოლიციის დანაყოფი დანაშაულის ადგილზე დაუყოვნებლივ ცხადდება იმისათვის, რომ გავერკვეთ, რა ხდება შეტყობინების მიღმა. თუკი დადგინდა, რომ ხდება დანაშაული და რომელიმე მოქალაქის უფლება ირღვევა, რა თქმა უნდა, ინფორმაციის მიღებისთანავე, იწყება გამოძიება და იგეგმება რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გარდა ამისა, დანაშაულის პრევენციისთვის მთელი წლის განმავლობაში  ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას, კამპანიებს, რათა მოქალაქეების ცნობიერება ამაღლდეს ადრეული ქორწინების პრობლემის შესახებ” – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ანა ფაჩუაშვილი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ზოგჯერ მოქალაქეებმა თავადაც არ იციან იმის შესახებ, რომ მათი ან გარშემომყოფების უფლებები ირღვევა.

“ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სათანადო განათლებისა და სამართლებრივი ცნობიერების არქონა. არცოდნა იმისა, რომ ნაადრევი ქორწინება კანონმდებლობით დასჯადია. მაგალითად, ზოგჯერ მოქალაქემ არ იცის რომ 18 წლამდე ქორწინება ქვეყანაში არ დაიშვება და ვერ ხდება ქორწინების რეგისტრაცია” – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი გვანცა საკანელაშვილი.

34 წლის ხათო ბეკოშვილი ახლა ფიქრობს, რომ 17 წლის წინ თავისუფლებისთვის უკეთესი გზა უნდა ეპოვა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

მსხვერპლიმსხვერპლი