მთავარიამბები2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმი ყოველწლიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებს

2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმი ყოველწლიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებს

2საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ უკანონო დაკავებებზე, ზოგადად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და ოკუპაციის სხვა თანმდევ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

11 თებერვალს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც გამოეხმაურა ბოლო დროს საქართველოს საზოგადოებისა და მედიის გაზრდილ ინტერესს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონი დაკავებათა ფაქტებისა და ზოგადად, ოკუპაციის საკითხებზე.

სუს-ის განცხადებით, უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას“,   – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებებმა სისტემატური სახე მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ყოველ წელს საოკუპაციო ძალა ყოველ წელს ათობით საქართველოს მოქალაქეს აკავებს., რაც ოკუპაციის შედეგია და არა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტე.

„გახშირებული“ უკანონო დაკავებები გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული. 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86-ი და 64-ი შეადგინა. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია ე.წ. გახშირებული უკანონო დაკავებების დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით წარმოებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სუს-ი განმარტავს, რომ დაკავებათა შესახებ სახელმწიფო ინფორმაციას არ მალავს და ამის სტატისტიკა საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სახელმწიფო მხოლოდ თავად უკანონოდ დაკავებული მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იკავებს ზოგჯერ თავს გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროებისგან.

თუმცა, ბოლო პერიოდში ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის დანერგვა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცხელი ხაზის, IPRM-ის, ჟენევის დისკუსიებისა და სხვა ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ, ნეგატიური და ნიჰილისტური განწყობების წახალისება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში იდება უდიდესი ძალისხმევა IPRM-ისა და ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცხელი ხაზის გააქტიურებას წარმოაჩენს რუტინულ, არაფრის მომცემ პროცედურად, ჯდება საოკუპაციო რეჟიმის ნარატივში და როგორც მინიმუმ, მიუთითებს პირის ან პირთა ჯგუფის საკითხში გაუთვითცნობიერებულობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას, სუს-ი განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია ხშირად საიდუმლო დეტალებს შეიცავს, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება.

განცხადებაში სუს-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, ფრთხილად იმოქმედონ ოკუპაციასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხებზე მსჯელობისა თუ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის დროს, რათა არ მოხდეს ამ თემის პოლიტიზირება, რასაც შესაძლოა დესტაბილიზაცია მოჰყვეს. სუს-ი თვლის, რომ  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს და მიუთითებს, რომ წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი პირებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend