მთავარიკუბიროგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ცენტრალური პარკის გეგმა გამოქვეყნდა. ამ გეგმამ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ფოტო: https://laplab.eu/

არასამთავრობო ორგანიზაცია „არქიტექტურულმა ფორუმმა“ მშენებარე ცენტრალური პარკის გენერალური გეგმა გამოაქვეყნა.   პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAPlab-ი მუშაობს.

კომპიუტერული გრაფიკის გარდა, ჰოლანდიურმა კომპანიამ დეტალურად აღწერა, თუ როგორი იქნება პარკი. პროექტის აღწერილობაში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის ცენტრალური პარკი დღეში 15 ათასამდე ვიზიტორს მიიღებს.

 
დიზაინში ჩანს, რომ პარკში მანქანების სამი სადგომი უნდა მოეწყოს, რომელიც 500 ადგილს ითვალისწინებს. ეს ნაწილები ნაცრისფრადაა მონიშნული.

ფოტო: https://laplab.eu/

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მთავარი შესასვლელი პარკში ე.წ. პანორამული ხიდი იქნება, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე გავა.

პროექტში აღნიშნულია, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს იაპონური ბაღი, მედიათეკა, ყვავილების ბაღი, კაფეები და სხვა სარეკრეაციო ზონები.

როგორც რუკაზე ვხედავთ, მასზე მონიშნულია ამფითეატრი, სკეიტპარკი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ა.შ.

მომხმარებლების ნაწილის ყურადღება მიიქცია მანქანების სადგომის მოცულობამ. ზოგიერთმა მომხმარებელმა თავად კომპანიას მისწერა  ოფიციალურ გვერდზე  და თავისი უკმაყოფილებაც გამოხატა.

ფოტო: https://laplab.eu/

დიზაინის ფოტოს ფეისბუკზე გამოეხმაურა ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძეც. მისი თქმით, ქალაქის შუაგულში აკეთებენ პარკს, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით თითქმის ვერ მიუდგები, ე.ი. ეს პარკი მხოლოდ მანქანებით მიმსვლელებისთვისაა განკუთვნილი.

„საბურთალოს ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლებისთვის, როგორც საუბნო დონის მომხმარებლებისთვის, პარკს მთავარი საქვეითო მისასვლელი უნდა ჰქონოდა აღმოსავლეთიდან. ამ ორი შესასვლელის მიხედვით უნდა ყოფილიყო მთელი პარკი აწყობილი და არა “ავტობანზე”, რომელსაც  აქ ვხედავთ“, – აღნიშნავს სპეციალისტი.

თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, სამუშაოები, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend