ავსტრიის ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „შტურმმა“ „რიდს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მორიგი კარგი შეხვედრა გამართა „შტურმის“ ქართველმა შემტევმა, ოთარ კიტეიშვილმა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. კიტეიშვილის ანგარიშზე 5 გოლთან ერთად 3 შედეგიანი გადაცემაა.
16 გამართული შეხვედრის შემდეგ „შტურმს“ 31 ქულა აქვს და ავსტრიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. მეორე ადგილზე „ზალცბურგია“ 34 ქულით და 1 სათადარიგო მატჩით, სატურნირო ცხრილის სათავეში კი ვენის „რაპიდია“, რომელსაც 36 ქულა აქვს.
მომდევნო შეხვედრას „შტურმი“ უშუალო კონკურენტის „ლასკის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მეოთხე ადგილზეა. დაპირისპირება 14 თებერვალს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.