მთავარისაქართველოევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს დახმარებას ჰპირდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს დახმარებას ჰპირდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონოდ დაპატიმრებული და პატიმრობა მისჯილის საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე საქართველოს დახმარებას ჰპირდება.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUM) ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა 8 თებერვლის შეხვედრაზე   ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რის გამოც მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, ზაზა გახელაძის დაპატიმრება იყო, რომელსაც  დე ფაქტო სასამართლომ 12 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.

„აუცილებელია, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ იქნას დაყენებული უმაღლეს დონეზე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – აღნიშნა შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი განმარტებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ის მუდმივად მუშაობს არა მხოლოდ გახელაძის, არამედ სხვა უკანონო პატიმრების საკითხზეც.

გარდა ამისა, მარეკ შჩიგელმა განაცხადა, რომ  უახლოეს მომავალში, როდესაც  დაეკონტაქტება, როგორც დე ფაქტო, ისე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, მონიტორინგის მისია ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ეს საკითხი დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე დადგეს.

შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რაც ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, კიდევ უფრო დაამძიმა კოვიდ 19-ის პანდემიამ და იმ ფაქტმა, რომ არც აფხაზეთის და არც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას არა აქვთ უფლება საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

საუბრის დროს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, თუ როგორი მნიშვნელოვანია  მონიტორინგის მისიის, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას აწვდის  არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ, არის ევროკავშირის მისიის როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად, რაშიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს მისია 2020 წლის დეკემბერში კიდევ ორი წლით გაგრძელდა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend