მთავარიდღის ამბებისაარჩევნო რეფორმის განხილვა და იუსტიციის მინისტრის ანგარიში

საარჩევნო რეფორმის განხილვა და იუსტიციის მინისტრის ანგარიში

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრს გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმინეს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო დავის ანგარიში წარადგინა. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, პარლამენტის წინაშე მოხსენებით პირველად წარსდგა. 2008 წლის აგვისტოს ომის დავის საქმეზე, სასამართლომ ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, რუსეთის ფედერაცია ფუნდამენტურ საკითხებში დამნაშავედ ცნო. დავა ქართულმა მხარემ მოიგო. მინისტრის განცხადებით, ეს გამარჯვება ძირითადად, მოქმედი მთავრობის დამსახურებაა.

 

„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია, რადგან დამტკიცდა ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს დაგვეხმარება დევნილების დაბრუნების თვალსაზრისით. ასევე, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციებს ამყარებს, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების დაცვის მიმართულებით. ეს ჩვენი მოვალეობა იყო და ჩვენმა გუნდმა ეს შევასრულეთ“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ ანგარიშის კომენტირებისას.

იუსტიციის მინისტრის ანგარიშის პარალელურად, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საარჩევნო რეფორმის საკითხზე იმსჯელეს. რეფორმის მიხედვით, რომელიც პირველ მაისამდე უნდა განხორციელდეს, იცვლება ცესკოს დაკომპლექტებისა და თავმჯდომარის არჩევის წესები. ასევე, უნდა აღმოიფხვრას ადმინისტრაციული რესურსის პარტიული ინტერესების შესაბამისად გამოყენების პრაქტიკა.

შალვა პაპუაშვილი მმართველი გუნდიდან ამბობს, რომ – „ამაზე მეტნაკლებად ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს. ასეთია, არასამთავრობო სექტორის სურვილიც. ჩვენ რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს, საშუალებას ვაძლევთ, დამატებითი ცვლილებები შემოგვთავაზონ“.

საარჩევნო რეფორმაზე ფართო მსჯელობას, ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეთანხმება. მისი თქმით, რეფორმის შემდეგ, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობას, ავტომატურად დაემშვიდობება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამას მივიღებთ, ავტომატურად, თამარ ჟვანია კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება. მემორანდუმის ტექსტის მიხედვით, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს ინიცირება, სამივე მოსმენა პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. ახალი კანონი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლებიან. წავა ავტომატურად, გეუბნებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საარჩევნო ცვლილებების საფუძვლები, სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს, რეფორმებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. “სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ითვალისწინებს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მთავარ ხარვეზს, საარჩევნო კომისიების დაკოპლექტების წესებისა და მეთოდების მიმართულებით ხედავს. საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანომ კანონში უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაზეც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ და მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის ტექსტი ავტორების თქმით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend