ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში ქალები უდიერად მოიხსენია, რის გამოც საზოგადოება აღშფოთდა და მისი გადადგომა მოითხოვა.
იოშირო მორის განცხადებით გამოწვეული უკმაყოფილება კიდევ ერთი პრობელმაა, რომლის მოგვარებაც ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს მოუწევს (IOC).
ტოკიოს ოლიმპიურ კომიტეტს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს. პანდემიის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისამდე გადაიდო. თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, იაპონელთა 80 პროცენტს ოლიმპიური თამაშების ან გადავადება ან გაუქმება სურს.
კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილს არც ის მოსწონს, რომ ოლიმპიადის მასპინძლობა ძალიან ძვირი ჯდება. ხარჯი, შესაძლოა, 25 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
იაპონური მედიის მიხედვით, კვირის დასაწყისში იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის დირექტორთა საბჭოს ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე მორიმ განაცხადა, რომ შეხვედრებზე ქალები მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ. მის კომენტარებს დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იაპონიაში, სადაც ქალები პოლიტიკასა და ხელმძღვანელის თანამდებობებზე ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი.
იოშირო მორის შეხვედრაზე ჰკითხეს, რატომ შედის ასე ცოტა ქალი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის დირექტორთა საბჭოში.
იოშირო მორიმ უპასუხა, რომ როცა მეტი ქალია, მაშინ შეხვედრა მანამდე გრძელდება, სანამ ქალ გამომსვლელს სიტყვას არ შეაწყვეტინებ.
მოგვიანებით იოშირო მორიმ, ოლიმპიური კომიტეტის შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა, თუმცა გადადგომაზე უარი თქვა.
„მე არ გადავდგები“, – განაცხადა იოშირო მორიმ. „ბეჯითად და ერთგულად ვიმუშავე შვიდი წლის განმავლობაში და გადადგომას არ ვაპირებ.“