მთავარისაქართველორა შეზღუდვები მოიხსნება 8 თებერვლიდან

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 თებერვლიდან

ბოლო 7 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი ინფიცირების მაჩვენებელი 3,72%-ია. კოვიდ-19-ის დადებითობის მაჩვენებლის შემცირებამ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა დააჩქარა.  შეზღუდვების შემსუბუქება ორ ნაწილად იგეგმება, 8 და 15 თებერვალს. თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები, რომელთა მოხსნის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში თებერვალში მოსწავლეები სკოლებს, სტუმრები რესტორნებს, მომხმარებლები ბაზრობებს, მგზავრები კი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაუბრუნდებიან. თუმცა ეს ორ ნაწილად მოხდება.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გაიხსნება ბაზრობები.  მეტროს, ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსის მოძრაობა, ისევე, როგორც ბაზრობების ფუნქციონირება, შაბათ-კვირას კვლავ შეზღუდული იქნება.

„დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ  თუ არაგონივრულად გავაუქმებთ შეზღუდვებს, ეს მათ თავიდან დაწესებას გამოიწვევს“, – ამბობს გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

შეზღუდვების მეორე ნაწილი 15 თებერვალს შემსუბუქდება. სწავლა 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამ დრომდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სწავლის პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა. ასევე ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაკეტილი კვების ობიექტები 15 თებერვლიდან სტუმრების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ. თუმცა შაბათ-კვირას მხოლოდ  მიტანის სერვისით შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება.

„სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ სკოლებში  უსაფრთხო გარემო იყოს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს განათლების მინისტრმა.

„ძალიან მკაცრად მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობა, ამ თვალსაზრისით, იზრდება. ეს სავსებით სამართლიანია, დარწმუნებული ვარ, ყველა ბიზნესი ამას გაგებით მიუდგება. ერთი მხირვ, ჩვენ მათ დროზე ადრე ფუნქციონირების საშუალებას ვაძლევთ, მეორე მხრივ კი, გაორმაგებულად მკაცრად მოვთხოვთ ყველა წესის დაცვას“, – ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

უცნობია, როდის განახლდება კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება ან როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გაურკვეველი ვადით ძალაში რჩება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.

„ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ყველანი ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ სიტუაცია იქნება სტაბილური ან გაუმჯობესდება, შემდეგ ნაბიჯებს უფრო სწრაფად და თამამად გადავდგამთ,“ – განაცხადა  საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად მკაცრდება კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლიც. პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend