მთავარისაქართველოპარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა

პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა

პარლამენტში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი, საგამოძიებო კომისია იქმნება. თუ კომისიამ საარჩევნო შედეგებში ერთპროცენტიანი ცდომილება დადასტურდა, უმრავლესობა ოპონენტებს პირობას აძლევს, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. კომისია მთლიანად ქართული ოცნების დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. ერთ-ერთი წევრის, პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლკის თქმით – საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხვასაც, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, მათი მონაცემების შემოწმებასაც. ყველა მასალა, ყველა რესურსი გააჩნია კომისიას, რომ მიიღოს ინფორმაცია, გაანალიზოს და გამოიტანოს სამართლიანი ვერდიქტი“.

 

საპარლამენტო საქმიანობაში ახლად ჩართული პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ პარტიები “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო,” მის მუშაობაში მიიღებს  მონაწილეობას.

ამ ხალხს 3800-ვე უბანზე ჰყავდათ ცესკო მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები. იმისათვის, რომ დავინახოთ, გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, ეს პარტიები მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში. სხვა შემთხვევაში, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ,“ – აღნიშნავს ელისაშვილი.

პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, ამ ინიციატივას პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილად აფასებს. პარტია „ევროპული საქართველოს წევრის ვახო კალოიანის თქმით – „საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ფარსი. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას თავის დროზე არ მიეცა სამართლებრივი გზა არც ცესკო-ში და არც სასამართლოში, ახლა ამაზე საუბარი აბსურდია“.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე, საკუთარი პოზიცია გამოხატა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნა არის საკითხი, რომლის განხილვაც პოლიტიკური დიალოგის დროს შეიძლება. ერთერთი მიზეზი, რატომაც ვუსვამ ხაზს ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას სწორედ ესეც არის, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, როგორიცაა საგამოძიებო კომისიების მუშაობა,– განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პარლამენტში, დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს. საარჩევნო რეფორმის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ინიციატივა პარტია „მოქალაქეებს“ ეკუთვნის, ამიტომ მმართველი გუნდის წევრ შალვა პაპუაშვილთან ერთად, ამ ჯგუფს, „მოქალაქეების“ დეპუტატი ლევან იოსელიანი უხელმძღვანელებს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend