ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
3 თებერვალს შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზეც იმსჯელეს, რაც USAID-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში პრიორიტეტი იქნება.
„ჩვენ განვიხილეთ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან. რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის. და აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობაში ახლა იწყება ახალი ეტაპი, დგება ახალი სტრატეგიული გეგმა, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც, ისევე როგორც აქამდე იყო. განვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორშიც. ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, USAID-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაში ისევ მნიშვნელოვანი რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რაც რამდენიმე მიმართულებით განვითარდება. ერთ-ერთი მიმართულება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გაძლიერებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა იქნება.
„ამ კუთხით, ჩვენ ერთმანეთთან აქამდეც ვთანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ნაწილში. USAID-ი გვეხმარება სხვადასხვა განთავსების, მრჩევლებისა და კონსულტანტების მოზიდვით, ვინც საქართველოს მიმზიდველობას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ ინვესტორებს. და სწორედ ამ მიმართულებითაც გავაძლიერებთ მუშაობას,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.