მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას მიმართავენ

ევროპის ქვეყნის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას მიმართავენ

ევროპის ქვეყნის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის, ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ, სიმხდალეს და მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპების შეუსაბამოს უწოდებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება ნამდვილად მამაცი და თავგანწირული ქმედება იყო. ამის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სიმხდალე და არ შეესაბამებოდა მართლმსაჯულების საბაზისო სტანდარტებსაც კი. ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“.

ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს,” – ნათქვამია გერმანიის კანცლერის გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას.

საფრანგეთის ლიდერი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების პატივისცემის საკითხი არასდროს გადაიხედება.

„ალექსეი ნავალნის განაჩენი მიუღებელია. პოლიტიკური უთანხმოება არასდროსაა დანაშაული. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერზე“.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს , მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.ის მკურნალობას ბერლინში, შარიტეს კლინიკაში გადიოდა. საავადმყოფოს საბოლოო დასკვნის მიხედვით, ნავალნი “ნოვიჩოკის” სახის ნერვული ნივთიერებით იყო მოწამლული.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯვრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend