მთავარისაქართველოCOVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა

როგორ იცვლება ქალებისა და გოგონების ცხოვრება COVID-19-ის შედეგად – ამ  თემაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სწრაფი გენდერული შეფასება ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პანდემიის პირობებში ოჯახის წევრები მეტ მზრუნველობას ითხოვენ და საოჯახო საქმეების განაწილება რთულდება. არსებული გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება პანდემიის გამო. ქალების შემოსავალი სულ უფრო იკლებს იმის მიუხედავად, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მუშაობა უწევთ.

ნინო ახობაძე უკვე რამდენიმე თვეა სახლიდან, ონლაინ რეჟიმში მუშაობს. რადგან შინ მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, სამსახურს თვითონ შესთავაზა დისტანციურად მუშაობა. როგორც თვითონ ამბობს, დამატებითი სპეციალობის მიღება უნდოდა და უნივერსიტეტში ჩაბარება, სპორტდარბაზშიც უნდოდა სიარული, თუმცა რადგან შვილი სახლში იყო და მარტოს ვერ ტოვებდა, ყველაფერზე უარის თქმა მოუწია. ფიქრობს, რომ სახლიდან მუშაობა უფრო რთულია, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.

 
„როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება ვინანო, როცა შვილთან მეტი დროის გატარება მიწევს, უბრალოდ, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მიჭირს, მირჩევნია, ვიყო უფრო აქტიური, როგორც აქამდე“, – ამბობს მედიამონიტორი ნინო ახობაძე.

ნინო ახობაძის დილა 8 საათზე იწყება. ონლაინ მუშაობის პარალელურად შვილს უვლის და საოჯახო საქმეების კეთებასაც ასწრებს. შვილის გასეირნებასაც ახერხებს და შემდეგ ისევ დისტანციურად მუშაობას უბრუნდება.

„მეხმარებიან ოჯახის წევრები, დედაჩემიც მეხმარება. ჩემი მეუღლე სოფელში მუშაობს, იქ ფერმა გვაქვს და რაღაც პერიოდი იქ არის… ამიტომ  სახლის საქმეები ჩემზეა“, – ამბობს მედიამონიტორი ნინო ახობაძე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისათვის კიდევ უფრო გაზრდილია. მათ ჩვეულებრივზე მეტი დროის დათმობა უწევთ ბავშვებისათვის, მეტ დროს ატარებენ სამზარეულოში და მეტი დრო მიაქვს სახლის დალაგებასაც.

სამსახურისა და ანაზღაურების პრობლემა შეექმნათ ე.წ. საოჯახო სფეროში დასაქმებულ ქალებსაც.

„ვინც ოჯახში მუშაობდა დამხმარედ ან ძიძად, სახელმწიფო დახმარება არ შეეხოთ, ვერ წარადგინეს ის საბუთი, რის საფუძველზეც მიიღებდნენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და ორმაგად დაზარალდნენ, ბევრმა სამსახური დაკარგა, იმიტომ, რომ ოჯახები ჩაიკეტნენ, ეშინოდათ, რომ გარედან მისულიყო ადამიანი. ტრანსპორტი აღარ იყო…“ – ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში თავისი ვერსიები აქვთ, თუ რა არის COVID-19-ის დროს, ქალთა მდგომარეობის გაუარესების მიზეზები.

„შრომის კრიტიკული გადანაწილება პარტნიორებს შორის, ჩვენს საზოგადოებაში არ მომხდარა. ეს აუნაზღაურებელი შრომაა და პირდაპირ არის აღქმული ქალის ვალდებულებად“, – ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მომდევნო კვლევას მარტის დასაწყისში გამოაქვეყნებს. თუმცა, მანამდე იმედოვნებენ, რომ პარტნიორებს შორის ცნობიერების ამაღლებით საოჯახო საქმეების გადანაწილება დაიწყება მაინც.

 

ავტორი: ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend